08.10.2019
მოხსენებაში, რომელიც მან ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) ყოველწლიურ კონფერენციაზე გააკეთა, აღნიშნა, რომ ციფრულმა ერამ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მაღალი ხარისხის ჟურნალისტიკის გავრცელების შესაძლებლობები შექმნა და გამოცემებს მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ხელმომწერის გაჩენის შესაძლებლობა მისცა, რაც თავის მხრივ, შემოსავლების ერთ-ერთი წყაროა. ამასთან, ტრადიციული მედიის პარალელურად, ინფორმაციის გავრცელების ისეთი მრავალფეროვანი პლატფორმები შეიქმნა, როგორიცაა - ვებგვერდები და სხვადასხვა ტიპის აპლიკაცია, ასევე გაჩნდა სოციალური მედია. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ამ უკანასკნელის წყალობით, პოლიტიკოსებს თუ სხვა საჯარო ფიგურებს ინფორმაციის გასავრცელებლად ჟურნალისტები ფაქტობრივად აღარ სჭირდებათ და ამას უკვე დამოუკიდებლად ახერხებენ. თავის მხრივ, გარკვეულწილად ჟურნალისტების საქმიანობაც შემსუბუქდა. მაგალითად, გამარტივდა რესპონდენტებთან წვდომა და მათთან დაკავშირება.
მიუხედავად დადებითი მხარეებისა, ნადია ბელარდი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგია არის საშუალება და მნიშვნელოვანია თუ ვის აქვს ის, როგორ იყენებს და ვინ აკონტროლებს მას. ამის ფონზე, იგი ციფრული ერის პირობებში ჟურნალისტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პროპაგანდას, ყალბ ამბებს და სიძულვილის ენას ასახელებს და ამბობს, რომ სწორედ ტექნოლოგიების დახმარებით, ისინი წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდება და მრავლდება.
„ცხადია, ყველა ეს კომპონენტი არსებობდა და ისინი სოციალური მედიის პარალელურად არ გამოუგონებიათ, მაგრამ ტექნოლოგიებმა მათი უფრო სწრაფი და დამაზიანებელი გავრცელების საშუალებები შექმნა“, - განმარტავს იგი.
ნადია ბელარდის თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ ყალბი ამბების გამავრცელებელი ვებგვერდები კატასტროფული სისწრაფით იზრდება და მათ დაფინანსებაში უამრავი თანხა იხარჯება. მისივე თქმით, ასევე, არის მაგალითები, როდესაც უკვე კარგად დამკვიდრებული მედია დეზინფორმაციას მკითხველების ყურადღების მიქცევისა და პოლიტიკოსების გულის მოგების საშუალებად იყენებს. თუმცა, იგი ყალბი ამბების გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ მაინც სოციალურ მედიას, კონკრეტულად კი - Facebook-ს ასახელებს.
მიუხედავად სიძულვილის ენითა და ყალბი ამბებით მიღებული შესაძლო ზიანისა, ნადია ბელარდი უფრო დიდ საფრთხედ მის რეგულირებას მიიჩნევს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით დამატებითმა რეგულაციებმა, შესაძლოა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით უფრო დიდი ზიანი მოიტანოს.
სად არის გამოსავალი და არსებობს თუ არა წამალი?
აღნიშნული კითხვების პასუხად ნადია ბელარდი მედიაწიგნიერებას და ამ მიმართულებით საზოგადოების ცოდნის ამაღლებას ასახელებს. მისი მოსაზრებით, ინფორმაციის სწორად გაგებისა და მისი შესაბამისი გაანალიზების უნარი ადამიანს მოვლენების სწორად აღქმასა და შეფასებაში, ასევე სიცრუისა და სიმართლის ერთმანეთისგან გამიჯვნაში ეხმარება.
„თუკი არ იცი ვინ აწარმოებას კონკრეტულ ინფორმაციას, რა სახის მედიას ეკუთვნის ის და ვინ აფინანსებს მას, რთულია მისი ღირებულების გამოცნობა. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ყველას როგორ ამოცინოს დეზინფორმაცია, გავაგებინოთ მას თუ რა არის ის და რატომ არ შეიძლება მისი გავრცელება“, - ამბობს იგი და იქვე დასძენს - „იყავით აქტიური მოქალაქეები და არა პასიური მომხმარებლები“.
მისივე განმარტებით, არ არსებობს ერთი ჯადოსნური რეცეპტი, რომელიც დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლის იარაღად შეიძლება გამოდგეს. იგი მრავალმხრივი ჩართულობის, კერძოდ კი - ხელისუფლების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, მედიაორგანიზაციებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად სწორედ მსგავსი მიდგომაა შედეგის მომტანი, რაც თავის მხრივ, ხარისხიანი და სანდო ჟურნალისტიკის გავრცელებას შეუწყობს ხელს.
ნადია ბელარდი ხარისხიანი ჟურნალისტიკის გაძლიერების თვალსაზრისით გამომწერების ინსტიტუტის გაძლიერებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ როგორც აუდიტორია, ვიდრე რამეს გამოვაქვეყნებთ, წავიკითხავთ, გავავრცელებთ ან მოვისმენთ, ჩვენ ამისთვის უნდა გადავიხადოთ, „წინააღმდეგ შემთხვევაში მედია ვერ გადარჩება“.
იგი ამ კონტექსტში, საფრანგეთისა და შვეიცარიის მაგალითებს იშველიებს და ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკა რამდენიმე გამოცემაში არსებობს, - ისინი ყოველგვარი რეკლამისგან თავისუფლები არიან და მათ მხოლოდ საკუთარი გამომწერები აფინანსებენ.
„მათ აქვთ ძალიან მკაფიო სლოგანი - ჟურნალისტიკის გარეშე დემოკრატია არ არსებობს. ასევე, ისინი ამბობენ, რომ გვსურს ჩვენი მკითხველები პატივს გვცემდნენ და სერიოზულად აღქვიქვამდნენ. ჟურნალისტიკა სამუშაოა, რომელშიც უნდა გიხდიდნენ, ამიტომ, თუკი გინდა, რომ ჩვენი წევრი გახდე, უნდა გამოგვიწერო“, - ამბობს ნადია ბელარდი.
იგი საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციის სხვადასხვა სტრატეგიაზეც საუბრობს და ამ მიმართულებით აუდიტორიის ჩართულობის, მრავალფეროვანი შინაარსისა და ვიზუალიზაციის გამოყენების, ასევე ტრანსკულტურული მიდგომების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ტექნოლოგიების სამყაროში ყველას შეუძლია ისწავლოს ჟურნალისტობა, მაგალითად როგორ გახდე შენი სმარტფონით ჟურნალისტი, მაგრამ უნდა დაიმახსოვრო, რომ სმარტფონი ან რომელიმე მოწყობილობა არ გაქცევს ჟურნალისტად, ისევე, როგორც ადრე კალმის და ფურცლის ქონა არ იყო ჟურნალისტობისთვის საკმარისი. ეს არის შესაძლებლობა მოყვე ჯერ არმოყოლილი ამბავი ეთიკური ზღვრების დაცვით და არ დაამახინჯო რეალობა, სწორედ ეს გაქცევს ჟურნალისტად“, - ამბობს ნადია ბელარდი.