06.11.2019
ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 31 მაისამდე პერიოდს მოიცავს, საქართველოში ციფრული უფლებები ზოგადად დაცულია, რაც Freedom House-ის შეფასებით, ახალი კონსტიტუციის მიღებით არის განპირობებული, რომლითაც თითოეული მოქალაქს ინტერნეტზე წვდომა გარანტირებული და უზრუნველყოფილია.
“თუმცა, ინტერნეტის თავისუფლებისადმი საფრთხეები მთელი რიგი მიმართულებებით კვლავ ნარჩუნდება”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
Freedom House-ი განმარტავს, რომ ე.წ. ხელისუფლებასთან აფილირებული ე.წ. “ტროლები”, “ბოტები” და მომხმარებლები განსაკუთრებით 2018 წლის გაზაფხულზე დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციების, საპრეზიდენტო არჩევნებისა და სხვა მნიშვნლოვანი მოვლენების პარალელურად აქტიურდებოდნენ. მაგალითად, სოციალური მედიის საშუალებით, ანონიმური წყაროები ჩნდებოდნენ და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით საინფორმაციო ლანდშაფტს ანადგურებდნენ.
ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში უშუალოდ ხელისუფლების კონკრეტული ონლაინ კონტენტის სისტემატურ მანიპულაციას არ ჰქონია ადგილი, ხელისუფლებასთან აფილირებული ჯგუფები საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით, სოციალურ მედიაში ყალბ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებდნენ.
ანგარიშში ე.წ. “ტროლებისა” და “ბოტების” მიერ გავრცელებული ყალბი ამბების გავრცელების რამდენიმე კონკრეტული შემთხვევაც არის მოყვანილი. მაგალითად, Freedom House-ის განმარტებით, მათთვის ერთ-ერთი აქტივისტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის ზაფხულში, ანტისამთავრობო აქციების დროს, სოციალურ მედიაში სახელისუფლებო ტროლებისა და ბოტების ანგარიშები ამ აქციების დისკრედიტაციისთვის იყო გამოყენებული.
Freedom House “მედიის განვითარების ფონდის” მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ სოციალურ მედიაში ყალბი ანგარიშები ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჟურნალისტების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა ჯგუფების იმიჯის შესალახად იყო გამოყენებული.
ანგარიშში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგზე დაყრდნობით, ხაზგასმულია, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დეზინფორმაციის გავრცელება ხდებოდა როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან. Freedom House-ი არასამთავრობო ორგზანიცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო” საზოგადოების (ISFED) ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმაზეც მიუთითებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საგრძნობლად გაიზარდა ანონიმური მომხმარებლების სახელით გამოქვეყნებული დასპონსორებული პოსტები და გვერდები, რომელთა მიზანიც მეორე ტურში გადასული ორი კანდიდატის დისკრედიტაცია იყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალურ მედიაში მაშინ გავრცელებული ყალბი ამბები ძირითადად ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ იყო გამოყენებული. თუმცა, ყალბი ამბები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგაც ვრცელდებოდა.
ამასთან, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ინტერნეტსსივრცეში თავდასხმებისა და შევიწროების შემთხვევები კვლავაც გრძელდება და საანგარიშო პერიოდში არაერთი ასეთი ფაქტიც დაფიქსირდა. აღნიშნულ კონტექსტში, პარლამენტის დეპუტატის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისა და სექსუალური განათლების აქტივისტის ხატია ახალიას მიმართ ინტერნეტის მეშვეობით გამოხატული მუქარის ფაქტებია მოყვანილი.
Freedom House-ი განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ყალბი ამბების გამავრცელებელი Facebook-ის გვერდები და მათი მომხმარებელთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ანგარიშში Facebook-ის 2019 წლის იანვრის განცხადებაც არის მოხმობილი, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ საქართველოზე ფოკუსირებული რამდენიმე გვერდი წაშალა, რომლებიც რუსეთში იყვნენ დარეგისტრირებულნი.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა კონტრაქტების საშუალებით რამდენიმე ისეთი, მიკერძოებული მედიასაშუალების დაფინანსებას კვლავაც განაგრძობს, რომლებსაც რუსეთთან აქვთ კავშირები და ანტიდასავლური პროპაგანდის დღის წესრიგით არიან გამორჩეული.
Freedom House-ი აცხადებს, რომ საქართველოში მედია მრავალფეროვანია და მისი შინაარსიც მრავალმხრივი, თუმცა იქვე არასამთავრობო ორგანიზაციების “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “მედიის განვითარების ფონდის” მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კვლავ გარკვეული მედიასაშუალებების პოლიტიკურ აფილაციებსა და მათ მხრიდან დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე მიუთითებს.