აჭარის ტელევიზიის ბორდის მეხუთე წევრის შესარჩევად უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა
06.11.2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის შესარჩევად, აჭარის უმაღლესმა საბჭომ განმეორებითი კონკურსი გამოაცხადა. ამ კვოტით კანდიდატი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა წარადგინოს, რომელმაც წინა კონკურსზე კანდიდტის წარდგენაზე უარი თქვა. 

"ახალი კონკურსის პირველ ეტაპს ვინც გაივლის, მათ შორის შევარჩევთ ერთ-ერთ კანდიდატს. ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ ვართ, ვინაიდან არც ვიცით ვინ ღებულობს კონკურსში მონაწილეობას", -  განაცხადა   ფრაქციის წარმომადგენელმა  ასმათ დიასამიძემ "მედიაჩეკერთან" საუბარში.

პირველ კონკურსში კანდიდატის წარდგენაზე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" იმ მოტივით თქვა უარი, რომ მათ არ მიეცათ შესაძლებლობა კანდიდატებს გასაუბრებოდნენ. ფრაქციაში პროცესს მართული უწოდეს. 


აზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება. თავდაპირველად კონკურსი 4 ვაკანტურ ადგილზე იყო გამოცხადებული და მათგან სამ ადგილზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ  სამი წევრი  დაამტკიცა, -  სოსო სტურუა - “ქართული ოცნება - აჭარის”, თამილა დოლიძე - “ქართული ოცნება - მაჟორიტარების” და თამარ წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით.  საბჭოს მეოთხე წევრი - გიგა ჩხარტიშვილი 2018 წლის ნოემბრიდან არის არჩეული და შესაბამისად, ის ახალ საბჭოშიც აგრძელებს მუშაობას. 

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ