ქარტია მოუწოდებს შსს-ს უზრუნველყოს ფილმის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების უსაფრთხოება
08.11.2019
დღეიდან, 8 ნოემბრიდან, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში, ლევან აკინის ფილმის, “და ჩვენ ვიცეკვეთ” (And then we danced) საპრემიერო ჩვენება იწყება.  სხვადასხვა პირთა ჯგუფები, ბოლო რამდენიმე დღეა, ფილმის ჩაშლის მიზნით, კინოთეატრებთან აქტივისტების მობილიზებას გეგმავენ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ფილმის ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე, გაავრცელა განცხადება, რომლითაც სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ამბის გასაშუქელბლად მისული ჟურნალისტების უსაფრთხოება.

ქარტია განცახდებაში უთითებს, რომ იმ პირთა ნაწილი, ვინც ფილმის პრემიერის ჩაშლის შესახებ განცხადება გაავრცელა, უახლოეს წარსულში შემჩნეულია ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობასა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ხელშეშლაში.

აქედან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მოუწოდებს:

  • აქციების ორგანიზატორებს - მუშაობაში ხელი არ შეუშალონ მედიის წარმომადგენლებს;
  • სამართალდამცავ უწყებას - განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ამბის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტების უსაფრთხოების დასაცავად;

ქარტიის საბჭო, ასევე მიმართავს მედიის წარმომადგენლებს მაქსიმალურად აღიჭურვონ ამომცნობი, მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით (ბეჯით, ჟილეტით და ა.შ.) რათა სამართალდამცავებმა მარტივად შეძლონ საჭიროების შემთხვავაში მათი ამოცნობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

“ქარტია განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და იმ შემთხვევაში,თუ ამის საჭიროება იქნება, მზად არის ჟურნალისტებს გაუწიოს კონსულტაცია და დახმარება”, - ვკითხულობთ ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც, მასობრივი თავშეყრის ადგილებში, საპროტესტო აქციებსა და თუ დემონსტრაციებზე, მედიის წარმომადგენლებს მუშაობისას ხელი შეუშალეს, არ მისცეს გადაღების უფლება, დაუზიანეს ტექნიკა, დაზიანებები მიაყენეს და ა.შ. “მედიაჩეკერის” არქივში რამდენიმე მასალა იძებნება, რომლებშიც საუბარია როგორ უნდა მოიქცნენ ჟურნალისტები მსგავს შემთხვევებში.

ერთ-ერთ ასეთ მასალაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული, აქციებისა და დემონსტრაციების გაშუქების სახელმძღვანელო წესების მიხედვით არის მომზადებული, საუბარია მსგავს შემთხვევებში წინასწარ მომზადების მნიშვნელობაზე.

სანამ გადასაღებად წახვალთ წინასწარ დაგეგმეთ რას მოიმოქმედებთ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში. კარგად შეისწავლეთ ტერიტორია და რუკის დახმარებით გაარკვიეთ ცხელ წერტილთან ახლოს მდებარე უსაფრთხო ადგილები და გასასვლელები.

ასევე, რეკომენდაციებს შორის არის გაფრთხილება, წინასწარ მოვამზადოთ ყველა საჭირო პირის საკონტაქტო მონაცემი, იმ შემთხვევაში, თუ დახმარება დაგვჭირდა.

ტელეფონში პროდიუსერისა და სხვა მნიშვნელოვანი საკონტაქტო პირების ნომრები გამოყავით ცალკე ( შეგიძლიათ თითოეულს წინ მიაწეროთ ანბანის პირველი ასო A, რაც მათ მოძებნას გაგიადვილებთ ან ეს ნომრები გადაიყვანეთ მნიშვნელოვანი კონტაქტების სიაში). ასე დაზოგავთ დროს და ოფისსა და კოლეგებთან კომუნიკაციას გაამარტივებთ.

ვრცლად, კიდევ რა შეიძლება გაითვალისწინოთ წინასწარ, ან როგორ შეიძლება მოიქცეთ ადგილზე, შეგიძლიათ ქვემოთ წაიკითხოთ


კიდევ ერთ მასალაში, რომელიც უშუალოდ ადგილზე ჟურნალისტისთვის მოსალოდნელ ხელისშეშლის შემთხვევებს ეხება, ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება კონსტიტუციით დაცული უფლებაა, სამართალდამცავების მხრიდან მუდმივად არსებობს მისი შეზღუდვის ცდუნება.

კონსტიტუციის 24-ე მუხლში კი ვკითხულობთ, რომ:

  • ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით;
  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია;
  • სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლებაა.

მეტი დეტალებისთვის იხილეთ:

ასევე:


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ