20.11.2019
კვლევის შედეგების მიხედვით, 83%-ით ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ კვლავ ქართული ტელევიზიები რჩება, 21%-ით მას სოციალური მედია, 10%-ით ინტერნეტსააგენტოები, 5-5%-ით კი რუსული ტელეარხები და ქართული ბეჭდვური მედია მოსდევს. ინფორმაციას ქართული რადიოსადგურებიდან გამოკითხულების მხოლოდ 3% იღებს, დასავლურ ტელევიზიებიდან კი - 2%. კვლევის თანახმად, გამოკითხულების ყველაზე მეტი რაოდენობა - 39% ტელეკომპანია „იმედს“ ენდობა, 18% „მთავარ არხს“, 13% „რუსთავი 2“-ს, 6% „ტელეკომპანია პირველს“ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ კი - მხოლოდ 2%.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ყველაზე ხშირად ყურებადი ტოქშოუების კუთხითაც ლიდერობს. რესპონდენტების 25% ამბობს, რომ ყველაზე ხშირად ტოქშოუ „პირისპირს“ უყურებს, 12% „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემა „რეაქციას“, 6% „მთავარი „არხის“ „ღამის მთავარს“, 1% კი - „ტელეკომპანია პირველის“ ტოქშოუ „პირველებს“.
კვლევის ფარგლებში, კითხვა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელების შესახებ მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების შესახებაც იყო დასმული. გამოკითხულების 40% მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელების შემდეგ, არხის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, 31%-ის მოსაზრებით ნაწილობრივ შეიცვალა, 7% მიიჩნევს, რომ თითქმის არ შეცვლილა, 5%-ის მოსაზრებით კი - საერთოდ არ შეცვლილა.
კვლევის ავტორებმა რესპონდენტებს კითხვა საქართველოში მედიის თავისუფლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებაც დაუსვეს. აღმოჩნდა, რომ მედიას სრულად თავისუფლად გამოკითხულების მხოლოდ 16% მიიჩნევს, 43% ფიქრობს, რომ ის ნაწილობრივ თავისუფალია, 21%-ის მოსაზრებით ის არც თუ ისე თავისუფალია, 8% ამბობს, რომ თავისუფალი არ არის, 12%-ს კი - კითხვაზე პასუხი არ აქვს ან უარს ამბობს პასუხზე.
მათგან, ვინც ამბობს, რომ მედია თავისუფალი არ არის, კითხვაზე: „რატომ არ არის გამოხატული ქართულ მედია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვაში თავისუფალი?“ – 67% პასუხობს, რომ მედია ხელისუფლების წნეხის ქვეშაა, 13% ამის მიზეზად მედიაში არსებულ კორუფციას ასახელებს.
კვლევა ინტერნეტის მოხმარების სიხშირის შესახებ კითხვასაც მოიცავდა. რესპონდენტების 56% ამბობს, რომ ინტერნეტთან წვდომა ყოველდღიურად აქვს, 31% ამბობს, რომ არასდროს, 4% ინტერნეტს კვირაში 4-6-ჯერ მაინც მოიხმარს, 6% კი - 1-3-ჯერ.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით, ბალტიის კვლევების/გელაპმა (The Gallup) ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ავტორების განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.