ბიძინა ივანიშვილზე გაშვებული ვიდეორგოლის გამო GNCC-მ 'მთავარი არხი' დაასანქცირა
30.12.2019

ბიძინა ივანიშვილზე მომზადებული ვიდეორგოლის გამო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ტელეკომპანია "მთავარი არხი" წერილობით გააფრთხილა და რგოლის ეთერიდან მოხსნა დაავალა.  

კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი პოლიტიკური რეკლამაა და არასაარჩევნო პერიოდში არხს მისი გაშვების უფლება არ ჰქონდა.

აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცოების კომისიამ დღეს, 30 დეკემბერს იმსჯელა. საქმე ეხება ვიდეორგოლს, რომელიც "მთავარი არხის" ეთერში, 2019 წლის 19 დეკემბრიდან გადიოდა,

"კომუნიკაციების კომისიამ საჯარო სხდომაზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ ,,მთავარმა არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა, რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ,,მთავარ არხს“ საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა", - ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

ტელეკომპანია "მთავარი არხში" ამ განცხადებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ეს ვიდეორგოლი არის არხის სარედაქციო პოზიცია, ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.  არხის იურისტის, თამთა მურადაშვილის შეფასებით, კომუნიკაციების კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება ცენზურის ტოლფასია.

 "გასცდა კომისია საკუთარ უფლებამოსილებას, მათ არ აქვთ აზრის გამოხატვის და მითუმეტეს პოლიტიკური აზრის გამოხატვის შეზღუდვის უფლება. ეს იყო არხის სარედაქციო პოლიტიკით შექმნილი კლიპები, ეს არ იყო პოლიტიკური რეკლამა. მუხლების მითითება საერთოდ ვერ შეძლეს, კანონი  არ კრძალავს ამგვარი კლიპის გაშვების უფლებას. შესაბამისად, ეს იყო სრულიად უკანონო გადაწყვეტილება. ცხადია, გავასაჩვრებთ სასამართლოში, თუმცა, სასამართლოც ამ ხელისუფლების არის, ამიტომ მათი იმედიც არ გვაქვს", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას



ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ