ნათია ზოიძემ აჭარის მაუწყებელი დატოვა, მიზეზად სარედქციო პოლიტიკიდან ჩამოშორება დაასახელა
02.02.2020
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე, რომელიც თითქმის 8 თვის განმავლობაში, უდირექტორობის პერიოდში, არხს ხელმძღვანელობდა, მაუწყებელს ტოვებს. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში.

ზოიძე წერს, რომ მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დააკმაყოფილა მისი თხოვნა სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე. ნათია ზოიძე წერს, რომ ეს არ იყო ნებაუოფლობითი პროცესი და იგი იძულებული გახდა ამგვარი გადაწყვეტილება მიეღო. მიზეზად უკვე ყოფილი მოადგილე რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის, მისი ახალი ხელშეკრულება, რომელიც აღარ აძლევდა საქმის კეთების საშულებას.



საუბარია ხელშეკრულების პირობებზე, რომელიც ნათია ზოიძეს ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ შეუთანხმებლად შეუცვალა. დირექტორმა ხელშეკრულებიდან ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მოადგილეს მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე, კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა.

ნათია ზოიძე წერს, რომ სამსახურიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება სწორედ ამ დროს მიიღო: „გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ მივიღე 2019 წლის 16 დეკემბერს, როცა ჩემი შრომითი უფლებები შეიცვალა“.

ამავე პოსტში ნათია ზოიძე განმარტავს, რატომ დარჩა ამ დრომდე მაუწყებელში: „არხზე არიან კეთილსინდისიერი თანამშრომლები და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, გაუგრძელებდნენ თუ არა შრომით ხელშეკრულებებს მომავალი წლიდან მათ. ამ ეტაპზე, ერთის გარდა (ნათია შავაძე), ყველასთან გააგრძელეს ხელშეკრულება. ის ერთიც უპატიებელია“.

ყოფილი მოადგილე წერს, რომ მისი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ ეს გარდაუვალი იყო: „ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რისთვისაც არაფრის გაკეთების საშუალებას არ მაძლევენ“.

ამავე სტატუსში ნათია ზოიძე ვარაუდობს, რომ გიორგი კოხრეიძე არასასურველ თანამშრომლებს რეორგანიზაციის გზით მაინც ჩამოიცილებს და დაასუსტებს არხის სარედაქციო პოლიტიკას; აქვე იგი ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის პოიტიკური პროცესი და მას ამაში ეჭვი არასდორს შეპარვია.

„ აღარ შევეხები მრჩეველთა საბჭოს ცალკეულ წევრებს, სისტემის მსახურებზე დროის კარგვა არ ღირს; იმედი მაქვს, არხიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე თანამშრომელი დროებით მაინც გათავისუფლდება ზეწოლისა და წნეხისგან; არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიაზე რაც ხდებოდა ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, თავიდან ბოლომდე იყო პოლიტიკური პროცესი“.

ნათია ზოიძემ სახელშეკრულებო პირობების შეცვლა სასამართლოში გაასაჩივრა. მის ინტერესებს საქართველოს ახალაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ პროცესს ბოლომდე მიყვება, იქვე აზუსტებს, რომ „გამოძიებას ვენდობი-მეთქი რომ ვთქვა, გულუბრყვილო ვიქნები“, თუმცა, ამბობს, რომ მისი აზრით, „ სისტემა, რომელიც გვებრძვის, გვითვალთვალებს და გვაკონტროლებს, მაინც დამარცხდება“.

ნათია ზოიძის ამავე პოსტიდან იკითხება, რომ მისი გადაწყვეტილების შესახებ თანამშრომლებმა იცოდნენ: „თავისუფლებაში გატარებული 10 თვეს კი არა, ერთ საათსაც მნიშვნელობა აქვს. დღესაც რომ მისაღები მქონდეს ეს გადაწყვეტილება, მაინც შევიდოდი ამ ომში. მოკლედ, არაფერს არ ვნანობ და წარმატებები ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებს, რომელებიც ამ არხზე დარჩნენ და მუშაობენ. ამ არხზე ჟურნალისტიკა დღეს კიდევ თუ კეთდება, ეს სწორედ მათი დამსახურებაა. თანამშრომლებისთვის ჩემი ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. ჩვენ ვისაუბრეთ, გავაანალიზეთ და შევთანხმდით“.

ნათია ზოიძე ხაზს უსვამს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისა და თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხსაც: „მაინტერესებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, თავმჯდომარის ჩათვლით, ოდესმე პასუხისმგებლობას თუ იგრძნობენ იმაზე, რა შედეგიც დადგა. მგონია, რომ თავს ყოველთვის გაიმართლებენ. აღიარებას სხვა ძალა სჭირდება“.

ამავე სტატუსში იგი წინასწარ პასუხობს კითხვას, რომელიც მისი მისამართით გაჩნდება და წერს, რომ ტოვებს ბათუმს და მუშაობას ტელეკომპანია პირველზე გააგრძელებს.



„ბათუმში „გრიგოლიას არხს“ რომ ეძახით აი იქ. „ღამის ამბების“ თანამშრომელი ვიქნები“

„ღამის ამბები“ Tv პირველზე თამარ ჩიხლაძეს მიჰყავს. გადაცემა,ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, საინფორმაციო გამოშვების დასრულებისთანავე.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ