პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე
გაშვებული ვიდეორგოლის გამო კომუნიკაციების კომისიამ (GNCC) „მთავარი
არხი“ 2500 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისია თვლის, რომ ეს
ვიდეორგოლი პოლიტიკური რეკლამაა და მისი ეთერში განთავსება
არაწინასაარჩევნო პერიოდში არ შეიძლებოდა. "მთავარ არხში"
ფიქრობენ, კომისიამ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო და
გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
საქმე ეხება ვიდეორგოლს, რომელიც "მთავარი არხის" ეთერში, 2019 წლის
19 დეკემბრიდან გადიოდა და რომელშიც ბიძინა ივანიშვილი უარყოფითად
არის შეფასებული.
ამ ვიდეორგოლის შესახებ თავდაპირველად კომუნიკაციების კომისიამ 2019
წლის 30 დეკემბერს იმსჯელა და დაადგინა, რომ
,,მთავარმა არხმა“ თავის ეთერში განათავსა და გაავრცელა რეკლამა,
რომელშიც დარღვეულია გავრცელების წესის შესახებ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. მაშინ კომისიამ "მთავარი არხი"
წერილობით გააფრთხილა და აღნიშნული ვიდეორგოლების ბადიდან
დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.
"6 თებერვალს გამართულ სხდომაზე „მთავარი არხის“ წარმომადგენელმა
აღნიშნა, რომ კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, საეთერო ბადიდან
აღნიშნული რეკლამები უკვე ამოღებულია. კომისიის მხრიდან
განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკური
რეკლამები მაუწყებელის საეთერო ბადიდან, არა კომისიის მიერ მიცემულ
ვადაში, არამედ 23 დღის შემდეგ - 5 თებერვალს იქნა ამოღებული.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
კანონდარღვევის განმეორებით ჩადენის გამო, მაუწყებელს უნდა დაეკისროს
ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0.5%-ამდე ოდენობით, რაც „მთავარი
არხის“ შემთხვევაში, მაქსიმალურ 6,479.38 ლარს შეადგენს", - ნათქვამია
კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში, რომელიც 13 თებერვალს
გავრცელდა.
კომისიის განცხადების მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ „მთავარი
არხის“ ბადიდან აღნიშნული ვიდეო რგოლები უკვე ამოღებულია, კომისიამ
დისკრეციული უფლებამოსულება გამოიყენა და მაუწყებელს განმეორებით
ჩადენილი კანონდარღვევის გამო, კანონით გათვალისწინებული ჯარიმის
მინიმალური ოდენობა - 2500 ლარის ჯარიმა დააკისრა.
"მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი "მედიაჩეკერთან" საუბარში
ამბობს, რომ მაუწყებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას
აპირებს.
"არ ჯდებოდა ეს კლიპი არანაირ პოლიტიკური რეკლამის დეფინიციაში.
მე ვფიქრობ, რომ მათ განზრახული ჰქონდათ თავის დროზე ჯარიმის
დაკისრება", - ამბობს მურადაშვილი.
მისივე თქმით, კომუნიკაციების კომისიამ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო: "თავის დროზე გაფრთხილების მიცემა და დავალება, რომ დაუყოვნებლივ ამოგვეღო ფილმი, იყო იმის გამო, რომ მათ არ სიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო კლიპი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის პოლიტიკური რეკლამა, მაინც, ბიძინა ივანიშვილზე, საერთოდ, გადაბრუნებული და ცუდი სიტყვა არ უნდა გაჟღერდეს ეთერში".