სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს - თბილისში აქცია გაიმართა
17.02.2020
„თავისუფლება აჭარის მაუწყებელს“, „სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია“, „ხელები შორს აჭარის ტელევიზიისგან“, „მოგვეცით მუშაობის საშუალება“, „ნუ ჩაერევი“, - ამ და მსგავსი გზავნილებით, 17 თებერვალს, თბილისში, პარლამენტის წინ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერად მედიის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები შეიკრიბნენ.




აქციის მონაწილეებმა აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს და დედაქალაქიდან სოლიდარობა და თანადგომა გამოუცხადეს აჭარის ტელევიზიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მაუწყებლის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შესანარჩუნებლად იბრძვიან.

აქცია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით გაიმართა.

2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ ტელევიზიის თანამშრომლები გამოთქვამდნენ ეჭვებს, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა. მას შემდეგ გიორგი კოხრეიძის მხრიდან გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, რომელმაც ტელევიზიის თანამშრომელთა ეჭვები და შიშები რეალური გახადა.

ამ რამდენიმე თვის განმავლობაში, ახალმა დირექტორმა აიძულა ტელევიზია დაეტოვებინა ნათია ზოიძეს, რომელიც არხის სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა, ახალმა დირექტორმა არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ტელევიზიაში კრიტიკულ კონტენტს ქმნიან. ბოლო დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ გიორგი კოხრეიძე აპირებს საინფორმაციო სამსახურის უფროსის და მისი მოადგილის პოსტიდან ჩამოცილებას, ახალმა დირექტორმა უარი თქვა ეთერში საგამოძიებო ფილმების განთავსებაზე.

„ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ცხადყოფს, რომ ტელევიზიის დირექტორი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ დაკომპლექტებულმა მრჩევლებმა დანიშნეს, ყველაფერს აკეთებს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფისა და კრიტიკული აზრის ჩახშობისთვის“, - ფიქრობენ ქარტიაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე, სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას - "ქართულ ოცნებას" და მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს მაუწყებლის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობა, არ დაუშვას თუნდაც ერთი თანამშრომლის ტელევიზიდან დათხოვნა. 

  

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ