აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახტანგ ხუზმიაშვილი აირჩიეს
21.02.2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ვახტანგ ხუზმიაშვილი აირჩეს. კომისიამ ვახტანგ ხუზმიაშვილი დახურულ სხდომაზე აირჩია. ინფორმაციას მისი არჩევის შესახებ გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომისიამ არჩევანი უკვე გააკეთა, თუმცა,  შედეგებს არ ასაჯაროებს იქამდე, ვიდრე მას დირექტორს არ წარუდგენენ. 

ვახტანგ ხუზმიაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ის ასევე იყო პოლიტიკური თოქშოუ "თავისუფალი სივრცის" ავტორი და წამყვანი. ტელეკომპანია "იბერიიდან" წამოსვლის შემდეგ იგი "პრაიმტაიმის" მულტიმედიური ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსში სამი კანდიდატი მონაწილეობდა, ვახტანგ ხუზმიაშვილი, ფირუზ ბოლქვაძე და ემზარ დიასამიძე. მათგან ორი, ფირუზ ბოლქვაძე და ემზარ დიასამიძე მაუწყებლის მოქმედი თანამშრომლები არიან,  - ემზარ დიასამიძე საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტია,  ფირუზ ბოლქვაძე კი ანალიტიკური სამსახურის გუნდის წევრი. ორივე მათგანი მონაწილეობდა მაუწყებლის ბორდის წევრების შესარჩევ კონკურსში,  ფირუზ ბოლქვაძემ ორჯერ სცადა ბედი აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსშიც. 

კონკურსანტებთან გასაუბრებები დღეს, 21 თებერვალს, დილიდან მიმდინარეობდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, გასაუბრებები ჯერ ღია იყო, თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ  კანდიდატთან გასაუბრების დროს კონკრეტულ სიუჟეტს განიხილავდნენ, რასაც მაუწყებლის თანამშრომლების კითხვები მოჰყვა, გასაუბრების პროცესი დახურეს. 

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი, თეონა ბაკურიძე  სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ კამერით მხოლოდ პირველი კანდიდატის, ფირუზ ბოლქვაძის გასაუბრების დასაწყისის გადაღების უფლება მისცეს, შემდეგ კი პროცესის მოსმენაც შეუზღუდეს.  




აჭარის ტელევიზიის დირექტორის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნათია ზოიძემ, ყოფილმა მოადგილემ, ტელევიზია დატოვა. ნათია ზოიძემ წასვლის მიზეზად მისი სარედაქციო საქმიანობიდან ჩამოშორება დაასახელა.

დირექტორის ახალი მოადგილე ოთხკაციანმა კომისიამ შეარჩია. აჭარის ტელევიზიის ცნობით, კომისიაში შედიოდნენ: მაუწყებლის იურიდიული სამსახურის უფროსი ნინო უტიაშვილი, პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი ინგა გოგოლიშვილი, დირექტორის მოადგილე ჯემალ გვეტაძე და მოწვეული სპეციალისტი, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი მაია ჭიჭილეიშვილი.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ