06.03.2020
განცხადების თანახმად, რომელიც პროფკავშირებმა დღეს, 6 მარტს გაავრცელა, მაუწყებელში, განსაკუთრებით ბოლო კვირის განმავლობაში, ყოველდღიური ხასიათი მიიღო ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილ პირებსა და ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებს შორის კონფლიქტმა. პროფკავშირი ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას მაუწყებლის ხელმძღვანელობას აკისრებს.
პროფკავშირებში აცხადებენ, რომ მმართველთა საბჭოზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვით, ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძე დაინიშნა, მაუწყებელში არსებული კრიზისი განმუხტვის ნაცვლად კიდევ უფრო გააღრმავა.
"ამ მომენტში, აუცილებლობად მიგვაჩნია ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ კონფლიქტური სიტუაციების გაღვივება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ სიტყვიერი და სხვა სახის შეურაცხყოფა, შესაძლოა, გადაიზარდოს უმართავ და უკონტროლო პროცესებში.
ჩვენ ნათლად ვხედავთ და ყოველდღიურად საკუთარ თავზე ვცდით, თუ როგორ ნეგატიურად აისახება აჭარის მაუწყებელში არსებული ვითარება თანამშრომელთა ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაზე. ვითარება ხელს უწყობს და ახალისებს ჩვენს დემორალიზებას და ფაქტობრივად, აფერხებს პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელმძღვანელობას და პროცესში ჩართულ პირებს - გამონახონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი სიტუაციის განმუხტვისთვის და მოამზადონ ნიადაგი მედიაციისთვის, - ვკითხულობთ პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროფკავშირების წევრები იმედოვნებენ, რომ მაუწყებლის არცერთი თანამშრომლის ჯანმრთელობას არ დაემუქრება საფრთხე და მენეჯმენტი უზრუნველყოფს მშვიდი სამუშაო გარემოს შექმნას.
საზოგადოეbრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალერნატიულ პროფესიულ გაერთიანებას, ვითარების დროებით დასტაბილურების საუკეთესო გზად, მიმდინარე პროცესებში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ჩართულობა მიაჩნია.
შეგახსენებთ, მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე ანგარიშის მომზადების თხოვნით მიმართა სახალხო დამცველს დღეს კოალიციამ “მედია ადვოკატირებისათვის” . ამ განცხადებაშიც ხაზგასმულია, რომ მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობის საფრთხე აშკარაა, შექმნილი ვითარება კი საგანგაშო.