ცვლილებები საეთერო ბადეში, თანამშრომელთა ნაწილის დისტანციური მუშაობა - კორონავირუსის გამო საზმაუ მუშაობის რეჟიმს ცვლის
10.03.2020
კორონავირუსის საფრთხის გამო, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დროებით ზღუდავს იმ გადაცემების ჩაწერას, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები/მოზარდები, მოწვეული სტუმრები და დიდი აუდიტორია; გადაცემა - „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ სპეციალური პროგრამით გავა ეთერში, თანამშრომელთა ნაწილი კი დისტანციურად იმუშავებს.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ არხმა დღეს, 10 მარტს, სოეციალური განცხადება გაავრცელა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია პირველი არხის ვალდებულება, „უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში, მის რეგიონებსა და მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ“. ამიტომ, საქართველოს პირველმა არხმა მიიღო თანამშრომელთა ნაწილის დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანის გადაწყვეტილება. ასევე, სამსახურებრივი მოვალეობიდან დროებით გათავისუფლებული არიან ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე თანამშრომლები და სხვა რისკჯგუფში შემავალი პირები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, პირველი არხი დროებით ზღუდავს იმ გადაცემების ჩაწერას, რომელშიც მონაწილეობენ ბავშვები/მოზარდები, მოწვეული სტუმრები და დიდი აუდიტორია.

საეთერო ბადეში კიდევ ერთი ცვლილებაა.

"თემის აქტუალობიდან გამომდინარე, განისაზღვრა ახალი საპროგრამო პოლიტიკა. შესაბამისად, საეთერო ბადეში მოხდა ცვლილებები. 11 მარტიდან მაყურებელს საჭირო ინფორმაციას, კვალიფიციურ და გადამოწმებულ რჩევებს „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ სპეციალური პროგრამით მიაწვდის. გადაცემა ყოველდღე, 20:00 საათზე გავა ეთერში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოს პირველი არხი ითვალისწინებს ევროპის მედიაგაიდლაინებს, უერთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაცემულ რეკომენდაციებს და საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიჩინონ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და დაიცვან შესაბამისი წესები.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ