აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ნაზიბროლა ქობულაძე წაიყვანს
16.03.2020
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, ნაზიბროლა ქობულაძე წაიყვანს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ტელევიზიის ცნობით, ნაზიბროლა ქობულაძე რამდენიმე თვის წინ გადავიდა აჭარის საგზაო დეპარტამენტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. მანამდე კი tv 25-ზე გადაცემა "საზოგადოებრივი პოზიცია" მიჰყავდა.

როგორც მაუწყებელს ნაზიბროლა ქობულაძემ განუცხადა, მან შეთავაზება ტელევიზიის ადმინისტრაციიდან მიიღო და წინადადებას დათანხმდა. ამბობს, რომ გავლენების ქვეშ არ მოექცევა: "დღეს პირველი სამუშაო დღეა გვაქვს. საქმე გვიჩვენებს, როგორც იქნება საჭირო, თუ გახდება საჭირო ხმის ამოღება გავლენებზე ამაზეც ვისაუბრებ ხმამაღლა, ამასაც არ დავმალავ. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ასახსნელი არაფერი მაქვს. არასდროს არ მიმუშავია წნეხის და ჩექმის ქვეშ. შესაბამისად გამოწვევების არ მეშინია''.

შეგახსენებთ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე, 6 მარტს ჯერ ეთერიდან დროებით მოხსნა, მოგვიანებით, 13 მარტს კი სამსახურიდან გაათავისუფლა.

 
გათავისუფლების საფუძვლად, დირექტორის ბრძანებაში მითითებულია რომ, "თეონა ბაკურიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის პირობების აშკარა უხეშ დარღვევას". ასევე, "ფსიქოლოგიური ზეწოლა სამსახურის ხელმძღვანელისა და რედაქტორის მიმართ, რითაც ხელი შეუშალა საინფორმაციო საქმიანობას". მედიასამართლის იურისტებს თეონა ბაკურიძის გათავისუფლების ბრძანების დასაბუთებულობის შესახებ კითხვები უჩნდებათ.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ