აჭარის TV-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
27.03.2020
შორენა ღლონტის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. მსურველებს განცხადების შეტანა დღეიდან, 27 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

კონკურსი ორეტაპიანია - პირველ ეტაპზე კომისია არჩევს კანდიდატების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს და დაუკავშირდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს, მეორე ეტაპზე კი შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება. კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება 28 აპრილამდე უნდა მიიღოს.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ, დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, შორენა ღლონტი 28 თებერვალს სამსახურადან გაათავისუფლა. დირექტორის გადაწყვეტილებას შორენა ღლონტი სასამართლოში ასაჩივრებს.

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს. შორენა ღლონტის გათავისუფლებამდე, მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ახალი ამბების სამსახურის უფროსისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის პოზიციიდან გაათავისუფლა მაია მერკვილაძე და არსებითად განსხვავებულ პოზიციაზე, რადიო მაუწყებლობის სამსახურში გადაყვანა. ასევე, სამსახურიდან გაათავისუფლა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები საგანგაშოდ აფასებენ.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ