ე.წ. საყოველთაო კარანტინმა ადგილობრივი გაზეთების დისტრიბუცია შეაფერხა
02.04.2020
„ფაქტობრივი“ საყოველთაო კარანტინის გამო, რომელიც ქვეყანაში 31 მარტიდან ამოქმედდა, რეგიონულ ბეჭდურ მედიას გაზეთის გავრცელების პრობლემა შეექმნა. მიმდინარე კვირას ადგილობრივმა გამოცემებმა მუნიციპალიტეტებში გაზეთები საკუთარი ავტომობილებით დაარიგეს. მედიამფლობელები ამბობენ, რომ ეს მათთვის გაზრდილი ფინანსური ხარჯია და ამ გამოწვევას დიდხანს ვერ გაუმკლავდებიან.

სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის გამო, ხარაგაულის ადგილობრივი გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ მისმა მფლობელმა ლაურა გოგოლაძემ, დღეს, 2 აპრილს, ქუთაისიდან, სტამბიდან, ხარაგაულში შვილის ავტომობილით ჩაიტანა.

alt„აი ახლა, თქვენ რომ მირეკავთ, სახლში ზუსტად გაზეთებს ვკეცავთ და ხელმომწერების ვინაობებს ვაწერთ“, - მეუბნება სატელეფონო საუბარში ლაურა გოგოლაძე და ამატებს, რომ ამ კვირაში გაუმართლა რადგან მისი შვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, დროებით მშობლების ოჯახშია ჩასული.

ახლა წინ მეორე გამოწევევაა, ეს გაზეთები ხარაგაულის სოფლებში უნდა გააგზავნოს.

„დისტრიბუტორებს მანქანები არ ჰყავთ, მიკროავტობუსებს ვატანდით სოფლებში და იქ სადგურებზე ხვდებოდნენ. სანამ გაზეთების გაგზავნას გადავწყვეტდი, ყველას დავურეკე, რა გზით შეიძლებოდა მიმეწოდებინა, შეძლებდნენ თუ არა დახვედრას. გამომწერებსაც ვესაუბრე, თუ მოგვეხმარებოდნენ, რომ როგორმე ეს გაზეთები წაეღოთ“, - ამბობს ლაურა და ამატებს, რომ სოფლებამდე გაზეთებს ალბათ ისევ შვილის მანქანით მიიტანს, მერე კი ხელმომწერების და ადგილობრივი გამავრცელებლების იმედი აქვს: „ხვალ მომიწევს ოჯახის ტრანსპორტით მიწოდება დისტრიბუტორებამდე, ერთ სოფელში რომ მივალ, მეორე, ახლომდებარე სოფლის დისტრიბუტორი მოვა და წაიღებს“.


გაზეთი „ჩემი ხარაგაული“ ხარაგაულის რაიონში 1998 წლიდან გამოიცემა. 2011 წლიდანგაზეთის ბაზაზე  იგივე სახელწოდების ონლაინ გამოცემა  დაფუძნდა (chemikharagauli.com). გაზეთი მეტწილად ადგილობრივ ამბებს აშუქებს.


„ჩემი ხარაგაულის“ მსგავსად დაბეჭდილი გაზეთის გურიამდე ჩატანა პრობლემაა „გურია ნიუსისთვისაც“, რომელიც კვირაში ორჯერ გამოდის და მთელს გურიის რეგიონში ვრცელდება. „გურია ნიუსი“ თბილისში იბეჭდება და აქამდე ისიც მატარებლით იგზავნებოდა.

გაზეთის გამომცემელი ია მამალაძე ამბობს, რომ მიწოდების პრობლემა მოაგვარეს: „ელვა მარკეტთან (პრესის გავრცელების ჯიხურებს ქსელი. რედ.) შევთანხმდით, რომ ჩამოგვიტანს. მაგრამ, ისიც ვერ მიდის სამტრედიის იქით, ამიტომ, ჩვენი მანქანით დავხვდებით სამტრედიაში და ჩამოვიტანთ. პარალელურად, ჩვენ გურიის სხვა რაიონებიდან უნდა შევაგროვოთ მათი სხვა გაზეთები, რაც არ გაიყიდა და ის უნდა ჩავუტანოთ, ანუ, ერთგვარი ბარტერის მსგავსი მოლაპარაკებაა. მაგრამ, ჩვენ დაუგეგმავი ხარჯი მაინც გაგვიჩნდა, ერთის მხრივ ეს ამოღებული გაზეთები უნდა შევაგროვოთ, ვინც თავად ვერ გვაწვდის და მეორე მხრივ, ჩვენი გაზეთი ჩამოვიტანოთ. რთულია“.

ამ გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯს, რომელიც მწირი ბიუჯეტის მქონე რეგიონული მედიებისთვის სერიოზული გამოწვევაა, ისიც ემატება, რომ საგანგებო მდგომარეობისა და შეჩერებული რიგი ეკონომიკური საქმიანობების გამო, მათმა შემოსავლებმა იკლო. „ჩვენ გვქონდა დამატებითი ბიზნესი, პოლიგრაფია. ვემსახურებოდით მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებს, რითაც ვიხდიდით მაგალითად კომუნალურ გადასახადებს და ეს შემოგვაკლდა. ამავე დროს შემცირდა განცხადებები, რეკლამები, სამძიმრები, რაც ასევე იყო ჩვენთვის შემოსავლის წყარო“, - ამბობს ია მამალაძე და ამატებს, რომ ამას, სხვა დაუგეგმავ ფინანსურ ხარჯებთან ერთად, რაც მუშაობის დისტანციურ რეჟიმს და კარანტინს მოჰყვა, დაემატა ბეჭდვის გაძვირება: „ბეჭდვა მიბმულია დოლარის კურსზე, რადგან ქაღალდი უცხოეთიდან შემოდის და ამიტომ გაძვირდა. ესეც სერიოზული პრობლემაა“.


გაზეთი „გურია ნიუსი“ 1991 წლიდან გამოიცემა კვირაში ორჯერ, ორშაბათს და ხუთშაბათს. გაზეთის ბაზაზე 2006 წელს დაარსდა ვებ-პორტალი gurianews.com.



შემოსავლები მოაკლდა „ჩემ ხარაგაულსაც“, რომელიც ასევე ბეჭდავდა ადგილობრივ მცირე განცხადებებს. როდემდე გაწვდება ადგილობრივი გამოცემა დაუგეგმავ ხარჯებს, რედაქციაში პროგნოზი უჭირთ. გაზეთის გამოცემის შეწყვეტას არ განიხილავენ: „იმედი მაქვს რომ დიდხანს არ გაგრძელდება, თორემ როგორ შევძლებ არ ვიცი. 22 წელი რომ გაზეთს ვუშვებ, ახლა როგორ შევწყვიტო?! მითუმეტეს, დავრწმუნდი, რომ ახლ უფრო სჭირდება ხალხს გაზეთი, სოფლებში ინტერნეტის პრობლემაა, ჩვენი მკითხველი კი ზუსტად ის რისკ ჯგუფია, რომელზეც ახლაა საუბარი“, - გვეუბნება ლაურა გოგოლაძე.

altგაზეთის დახურვას, იმავე მოტივით, რომ ახლა ბეჭდური მედიის საჭიროება უკეთ გამოჩნდა, სოფლებში ინტერნეტის პრობლემების გამო, გამორიცხავს ია მამალაძეც:

„რადგან შეზღუდულია მიმოსვლა, ამიტომ ალბათ ერთ ნომერზე გადავალთ, სულ გაჩერებას ვერ დავუშვებთ, ამაზეც ვიმსჯელეთ. ამ სიტუაციაში კარგად გამოჩნდა, რომ ინტერნეტის ხელმიუწვდომლობაა. ჩვენს სოფლამდე ჩოხატაურიდან 5 კილომეტრია და ჩვენთან არ არის ინტერნეტი და ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება უფრო ზედა ზონის სოფლებში. ზოგს ტექნიკაზე არ აქვს ხელმისაწვდომობა. ვისაც ინტერნეტი და ტექნიკა აქვს, იმან შეიძლება ფინანსურადაც ვერ გაუძლოს ინტერნეტის ხარჯებს“, - ამბობს იგი და ამატებს, - „არის ხალხის კატეგორია, და ზუსტად ის სოციალური ფენა, ასევე, 60-70 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორია, რომელსაც ზუსტად ის ინფორმაცია სჭირდება, რასაც ჩვენ ვაწვდით. მათ შორის, ადგილობრივი საჭირო უწყებების ინფორმაცია და ა.შ. ამ ადამიანებს სჭირდებათ ინფორმაცია და ამიტომ, ვეცდებით კვირაში ერთხელ რაღაც მოვახერხოთ“.




"ფაქტობრივი საყოველთაო კარანტინი", როგორც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწოდებს, საქართველოში 30 მარტს, საღამოს გამოცხადდა. 31 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით შეჩერდა ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, საქალაქთაშორისო მოძრაობაც. საგანგებო მდგომარეობა და შეზღუდვები ქვეყანაში ახალი კორონავირუსული ინფექციის Covid-19-ის გავრცელების გამო მოქმედებს.

2 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 134 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 26. კარანტინის რეჟიმშია 5550, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 281 ადამიანი.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ