აჭარის TV-ს ალტერნატიული პროფკავშირი შეჩერებეული გადაცემების აღდგენას ითხოვს
03.04.2020
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებით, მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილებების გამო, რომელშიც პოლიტიკური მოტივი იკითხება, მაუწყებლის სატელევიზიო ბადე მნიშვნელოვნად გაღარიბდა. ეს ფაქტი კი მაუწყებლის ზოგადი იდეის მიმართ სკეპტიციზმსა და გულგრილობას აღვივებს. პროფკავშირი შეჩერებული გადაცემების აღდგენას ითხოვს და პირობას დებს, რომ აღდგენილ გადაცემებს საგაფიცვო მიზნებისთვის არ გამოიყენებს. 

ვრცელი განცხადება, მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, პროფკავშირების სახელით ცოტა ხნის წინ [3 აპრილი, 00:30სთ] გავრცელდა.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 23 მარტიდან, აჭარის მაუწყებლის საეთერო ბადე, ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილების საფუძველზე რადიკალურად შეიცვალა. გადაცემათა სრული უმრავლესობა განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა. ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ მოტივად კი მენეჯმენტმა კორონავირუსის პანდემია და შესაბამისად - დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა დაასახელა.  მაუწყებლის თანამშრომლები ამბობენ, რომ მიუხედავად არსებული ვითარებისა, ისინი მზად იყვნენ დისტანციური რეჟიმით ემუშავათ. შეჩერებულ გადაცემათა დიდ ნაწილს ფორმატის მოდიფიცირება შეეძლო, თუმცა, მათ ამის ნება არ დართეს. 

ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირის სახელით მენეჯმენტს ჩაბარდა საგაფიცვო დოკუმენტი, რომლის უმთავრეს მოთხოვნებს სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლო მექანიზმების შემუშავება, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და იმ მოცემულობის აღდგენა იყო, რომელიც საშტატო ნუსხაში ცვლილების დამტკიცებამდე მოქმედებდა [მაია მერკვილაძე უნდა დაბრუნებოდა მთავარი გამოშვების რედაქტორის/სამსახურის უფროსის მოადგილის, ხოლო შორენა ღლონტი - ახალი ამბების სამსახურის უფროსის პოზიციას].

საგაფიცვო დოკუმენტის შემუშავება-ჩაბარება მენეჯმენტთან კოლექტიური დავის დაწყებას ნიშნავდა. ამ დოკუმენტის ჩაბარებიდან 21 დღის შემდეგ, ანუ 23 მარტს თანამშრომლებს უკვე შეეძლოთ გაფიცვის დაწყება, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, დასაქმებულებმა ეს უფლება არ გამოიყენეს და მედიაციას დაელოდნენ. მედიაცია კი დირექტორის გადაწყვეტილებით, არ შედგა.

„მედიაციის პროცესი თავის მხრივ ნიშნავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მხარეთა შორის კონსენსუსის მისაღწევად მედიატორის დანიშვნას. მას შემდეგ რაც მედიატორთან ინდივიდუალური დისტანციური კომუნიკაცია შედგა და დაიწყო ერთობლივი შეხვედრის სამზადისი, მაუწყებლის დირექტორმა ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციის პროცესის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა და უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობაზე. მისი მხრიდან, უარის მოტივად საგაფიცვო მოთხოვნების არარელევანტურობა დასახელდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროფკავშირების წევრები ამბობენ, რომ დირექტორის მსგავსი გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და აცდენილია მაუწყებლის ინტერესების დაცვას.

„დირექტორს საგაფიცვო დოკუმენტი 2 მარტს ჩაბარდა და მას საკმაო დრო ჰქონდა მის გასაცნობად, თუმცა, მან მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა მედიაციაზე უარის თქმა [და დოკუმენტის არარელევანტურად ცნობა], როდესაც ეთერიდან გადაცემების მოხსნის თარიღი მოახლოვდა და შესაბამისად, ნათელი გახდა რომ დასაქმებულებს აღარ ექნებოდათ ხელთ გაფიცვის მთავარი ბერკეტი - სატელევიზიო ეთერი. მედიაციაზე უარის თქმა პირდაპირი მინიშნებაა იმაზე, რომ დირექტორი არ ცნობს ადეკვატურად დასაქმებულთა საჭიროებებს, მისთვის არ არის მნიშვნელოვანი მაუწყებლის თანამშრომლების სათქმელი და ის ბოროტად იყენებს მინიჭებულ ძალაუფლებას/არსებულ ვითარებას ალტერნატიული პროფესიული კავშირის წინააღმდეგ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე უკიდურესად გაღარიბდა. ის საზოგადოებას ვეღარ აწვდის საჭირო ინფორმაციას, აღარ აშუქებს მათ პრობლემებს, აღარ ჩანან სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები ან ჯგუფები, რომლებსაც დამატებითი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებით უმძიმთ კრიზის გადატანა.

„ისეთ ფორსმაჟორულ ვითარებაში, როგორშიც ქვეყანა ახლა იმყოფება, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ამგვარად ორგანიზებული საეთერო ბადე, აღვივებს მაუწყებლის ზოგადი იდეის მიმართ სკეპტიციზმსა და გულგრილობას. ზუსტად ახლა არსებობს იმის ისტორიული შანსი, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეალურად აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები, მთელი თავისი ძალისხმევა და სახალხო ფინანსები მიმართოს ხალხისვე საკეთილდღეოდ, ხოლო სკეპტიკურად განწყობილი ჯგუფები არათუ განამტკიცოს საკუთარ დამოკიდებულებებში, არამედ - დაარწმუნოს საწინაღმდეგოში“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროფკავშირები მიმართავს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებს,

- ა) უზრუნველყონ საეთერო ბადეში იმ შეჩერებული გადაცემების აღდგენა [მოდიფიცირებული ფორმატით], რომლებსაც შეუძლიათ ადეკვატურად უპასუხონ საზოგადოებრივ საჭიროებებს

- ბ) მისცენ დასაქმებულებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა [უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვის ფონზე].

„ამ ეტაპისთვის, მაუწყებლის ჟურნალისტების დიდ ნაწილს, მკაცრად აქვს შეზღუდული მაუწყებლის რესურსებთან [შენობა, ტექნიკური ბაზა და სხვა] წვდომა და შესაბამისად, ფიზიკურად ვერ ახორციელებს დაკისრებულ ვალდებულებას.

ისე, როგორც არასდროს - საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ემსახურებოდეს ხალხს და ზრუნავდეს ერთი მხრივ - მოქალაქეთა ინფორმირებაზე, ხოლო მეორე მხრივ - მოსალოდნელი პრობლემების იდენტიფიცირებასა და გამოსავლის გზების ძიებაზე. კიდევ ერთხელ გვინდა მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ იმ შემთხვევაში თუ შეჩერებული გადაცემები დაუბრუნდება სატელევიზიო ეთერს საგანგებო ვითარების ფონზე, ისინი არ იქნება გამოყენებული საგაფიცვო მიზნებისთვის“, - აცხადებენ განცხადების ხელმომწერები.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ