გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა Covid-19-ის სახელით მეზობელ ქვეყნებში
22.04.2020
ახალი კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ზოგ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებასაც შეეხო. რთულია ვითარება მეზობელ სომხეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში. ამ ქვეყნების მთავრობებმა კორონავირუსი ჟურნალისტებსა და აქტვისტებზე წნეხისა და კონტროლის გაძლიერებისთვის გამოიყენეს და ამის იარაღად ე.წ. Fake News-ებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა დაასახელეს.

რუსეთი

რუსეთი იმის კარგი მაგალითია, როგორ ხდება პანდემიის მსგავსი კრიზისების არასწორად გამოყენება. რუსეთში, ჟურნალისტები, რომლებიც კრიზისის ფონზე ხელისუფლების საპასუხო ქმედებების შესახებ სვამენ კითხვებს, დაჯარიმების ან ლიცენზიის ჩამორთმევის საფრთხის წინაშე დგანან.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ მუშაობენ, მედიის მაკონტროლებელი სააგენტოს „რუსკომნადზორის“ მეთვალყურეობის ქვეშ არიან. სხვადასხვა მედიასაშუალებას, 2019 წელს დეზინფორმაციის შესახებ მიღებული კანონის საფუძველზე, Covid-19-ის შესახებ მათთვის მიუღებელი შინაარსის მქონე კონტენტის წაშლას აიძულებენ.

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი იყო რეგიონული ონლაინ-გამოცემა - “მაგადან გავარიტ”, რომელსაც სააგენტომ იმ ამბის წაშლა მოსთხოვა, რომელშიც Covid-19-ის სიმპტომების მქონე პაციენტის გარდაცვალებაზე იყო საუბარი.

კორონავირუსის შესახებ მომზადებული მასალის წაშლა აიძულეს გამოცემა “ეხო მასკვისაც”. საუბარია დაავადების ექსპერტთან ინტერვიუზე, რომელშიც ექსპერტი ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებდა. ინფექციის შესახებ დისკუსიები შეზღუდულია და კონტროლდება რუსულ სოციალურ ქსელში “ვკონტაქტე”.

ამასთან, რუსეთის დუმამ ნებისმიერი პირის მიერ კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ფინანსური სანქციები (6 400 აშშ დოლარი) და ხუთ წლამდე საპატიმრო სასჯელი დააწესა. ეპიდემიის აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის ფინანსური სანქციები მედიასაშუალებებსაც დაეკისრებათ. არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი, სამომავლოდ, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვაზეც გავრცელდება.

გარდა ამისა, პანდემიის პირობებში სულ უფრო იზღუდება ინფორმაციაზე წვდომა. რეპორტიორებს იმ ღონისძიებების გაშუქების უფლება, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ესწრება, მანამდე არ აქვთ, სანამ მათ სიცხეს მინიმუმ სამჯერ არ გაუზომავენ. პარლამენტში შეშვებაზე უარი უთხრეს უცხოელ რეპორტიორებს, ჟურნალისტების დასწრება შეიზღუდა სასამართლო მოსმენებზეც.

პარალელურად, ევროკავშირი რუსეთს კორონავირუსის შესახებ ყალბი ამბების ხუთ ენაზე გავრცელებაში ადანაშაულებს, რომელთა მიზანიც დასავლური ინსტიტუტების მიმართ ნდობის დაკარგვა და პანიკის დათესვაა. სპეციალისტებმა ათეულობით ასეთი ყალბი ამბავი უკვე გამოავლინეს.

პანდემიის პირობებში, მედიაზე განხორწიელებული წნეხისა და ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი მედიის სრულად გაკონტროლების სურვილზე შეშფოთება გამოხატა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF).

„რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პანდემიის პირობებში არ უნდა შეზღუდონ მედიის თავისუფლება. მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას გააუქმოს ე.წ. „ყალბი ამბების“ შესახებ კანონი, რამდენადაც ის ინფორმაციის მიღების უფლებას უხეშად არღვევს. კრიზისის დროს, ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა კი უკიდურესად მნიშვნელოვანია”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

რუსეთში მიმდინარე პროცესებზე, შეშფოთება გამოხატა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა ჰარლემ დეზირმაც. მისი შეფასებით, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და მათი მხრიდან თვითცენზურის დაწესების რისკებს ქმნის, ეს კი იმ ფონზე, როდესაც პანდემიის შესახებ საზოგადოების სათანადო ინფორმირებას სწორედ ისინი ახდენენ.

თურქეთი


მსოფლიო პანდემიის პირობებში, ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა მეზობელ თურქეთშიც. ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ თურქეთის ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით სოციალური მედიის კონტროლს გეგმავს. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შემუშავდა, სოციალური მედიისთვის ცენზურის დაწესებასაც ითვალისწინებს.

კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი პლატფორმა, რომელსაც დღეში მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს (facebook, twitter, youtube) ვალდებულია, რომ თურქეთში ოფიციალური წარმომადგენელი დანიშნოს. პარალელურად კი სასამართლოს უფლება ეძლევა, რომ დასახელებულ ქსელებს პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი მასალის წაშლის ან დაბლოკვის მოთხოვნით მიმართოს.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად პლატფორმები ვალდებულნი იქნებიან, რომ სოციალურ მედიაში ის დებატები შეზღუდონ, სადაც მოქალაქეები პანდემიის პირობებში პრეზიდენტ ერდოღანის მიერ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებენ. თუკი აღნიშნული პლატფორმები მოთხოვნას 72 საათის განმავლობაში არ დააკმაყოფილებენ, ისინი 135 მლნ ევროთი დაჯარიმდებიან.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი სოციალურ მედიაზე მეტი კონტროლის მოპოვებისთვის, პანდემიის გამოყენებას ცდილობს. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ თურქეთში ტოტალიტარიზმის ნიშნები კი არ იზრდება, არამედ იგი უკვე არსებობს.

ამასთან, მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თურქეთმა კრიზისის პირობებში მოქალაქეების თავისუფალი გამოხატვის უფლებაც შეუზღუდა და კრიტიკული აზრის გამოხატვაზე ცენზურა დააწესა. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ დამატებითი რეგულაციების დაწესება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით დამატებით გამოწვევებს ქმნის.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის შესახებ „არასწორი“ და „პროვოკაციული“ ინფორმაციის გავრცელების გამო, უკვე ასეულობით მოქალაქე დააპატიმრეს. აღნიშნულს სხვაგვარად აფასებს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განყობილი მედია. მათი ინფორმაციით, ასეულობით ადამიანის წინააღმდეგ საქმის წარმოება სოციალურ მედიაში მხოლოდ მათი კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის გამო დაიწყო.

ამასთან, კორონავირუსზე მომზადებული სტატიისა და „პანიკის დათესვისთვის“ უკვე არაერთი ჟურნალისტიც დააკავეს. ერთ-ერთ მათგანი ისმეტ ჩიგიტი, რომელიც ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის მთავარი რედაქტორია, ყვება, რომ კორონავირუსზე მომზადებული მასალისთვის სათაურით - “კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა”, მასთან პოლიცა ღამით მივიდა და გამოკითხვაზე წაიყვანა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იგი მეორე დღესვე გაათავისუფლეს და მასთან პოლიცია კეთილგანწყობილი იყო, არსებული წნეხის გამო ისინი ვირუსის შესახებ წყაროების მიერ მოწოდებულ ამბებს აღარ აშუქებენ და მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებს სჯერდებიან.

ასევე, თურქეთში ორი ჟურნალისტი იმისთვის დააკავეს, რომ მათ ექიმის შესახებ, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მასალა მოამზადეს. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ოფიციალური უწყებების მიერაც დადასტურდა, მათ წინააღმდეგ გამოძიება საზოგადოებაში „შიშისა“ და „პანიკის დათესვისთვის“ დაიწყო.

საერთაშორისო ორგანიზაციები თურქეთს პანდემიამდე დაკავებული იმ ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველი პირების გათავისუფლებას სთხოვენ, რომლებიც მათივე შეფასებით, საპატიმროებში მხოლოდ საკუთარი მოვალეობების განხორციელებისთვის მოხვდნენ. ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ვირუსის გავრცელების პირობებში, მათი ამ დრომდე საპატიმროებში გაჩერება მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.

ცნობილია, რომ ქვეყნის ციხეებში Covid-19-ის გავრცელების რისკების პრევენციის მიზნით, თურქეთის ხელისუფლება, ქვეყნის მასშტაბით, ციხეებიდან 100 000 მსჯავრდებულის გამოშვებას გეგმავს.

აზერბაიჯანი


ანალიტიკოსების შეფასებით, პანდემიას თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად იყენებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. ინფორმაციის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით ონლაინგამოცემების მფლობელები ვალდებულნი არიან, რომ „ყალბი ინფორმაციის“ შემცველი მასალების გავრცელების პრევენცია მოახდინონ. პანდემიის სამარცხვინო ექსპლუატაცია - ასე აფასებენ ერდოღანის ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი ოპოზიციური ლიდერები და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები და აქტივისტები.

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის ჰარლემ დეზირის განმარტებით, ინფორმაციის კანონში შეტანილი ცვლილებები ჟურნალისტების მუშაობას ხელს არ უნდა უშლიდეს და მათ პანდემიის შესახებ საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით საკუთარი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. „მოცემულ სიტუაციაში მედიას საზოგადეობის ინფორმირებისა და „ყალბ ამბებთან“ წინააღდეგ ბრძოლის საკითხში გადამწყვეტი როლი აკისრია“, - ამბობს იგი. სომხეთი

Covid-19-ის ეპიდემიის პირბებში, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით პრობლემებია სომხეთშიც. როგორც ადგილობრივი ჟურნალიტები ამბობენ, ხელისუფლება მათგან კორონავირსის შესახებ მასალების დაკორექტირებას, ანდა საერთოდ წაშლას ითხოვს. სომხეთში საგანგებო მდგომარეობის შესახებ სპეციალური დეკრეტის საფუძველზე, კორონავირუსის, ასევე სახელმწიფო ჯანდაცვის ხელმძღვანელობის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებულ, სპეციალურ საგანგებო ოფისის მიერ მიწოდებულ ოფიციალურ ინფორმაციას უნდა ეყრდნობოდეს.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცემული დეკრეტის საფუძველზე, მედია, იმ მასალის გამოქვეყნებისთვის, რომელიც შეზღუდვების დარღვევად შეიძლება შეფასდეს, 600 აშშ დოლარის ოდენობის თანხით დაჯარიმდება, მასალის წაშლაზე უარის შემთხვევაში - 1000-2000 აშშ დოლარით.

მაგალითად, მასალის წაშლა მოსთხოვეს, გამოცემა - Aravot and Hraparak - ის რედაქტორს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მედიისთვის დაწესებული შეზღუდვის მიხედვით, კლასიფიცირდება, როგორც საზოგადოებაში პანიკის გამომწვევი. ოფიციალური უწყებების განმარტებით, ეს ყველაფერი კოვიდ-ინფიცირებულთა წინააღმდეგ აგრესიის აცილებისა და საზოგადოებაში პანიკის აცილებისთვის კეთდება. აღნიშნულს, ჟურნალისტებისა და რედაქტორების კრიტიკა მოჰყვა, რამდენადაც მათივე განმარტებით, დაზუსტებული არ არის, თუ რა ტიპის გზავნილი შეიძლება ჩაითვალოს პანიკის გამომწვევად.

ჰარლემ დეზირის განმარტებით, მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გავრცელება, ზედმეტად შემზღუდავი ღონისძიებაა, რომელიც არაპროპორციულად ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და ინფორმაციაზე წვდომას. მისივე თქმით, კანონმა არ უნდა შეზღუდოს ჟურნალისტების საქმიანობა და მათი მოვალეობა, რომელიც საზოგადოების სათანადო ინფორმირებას გულისხმობს.

საერთაშორისო გამოხმაურებები


საერთაშორისო ორგანიზაცია , „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც ჟურნალისტებს საკუთარი საქმიანობის შესრულებით Covid -19-თან ბრძლაში საკუთარი წვლილი შეაქვთ, ბალკანეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე ჟურნალისტები საკუთარი ხელისუფლებისა და სხვა აქტორების მხრიდან თავდასხმის ობიექტები არ უნდა ხდებოდნენ.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ადგილობრივ და ევროპულ ინსტიტუტებს მოუწოდებს დაიცვან მედია, რამდენადაც ისინი რისკის ზონებში მუშაობით საკუთარ მისიას ასრულებენ.

ორგანიზაციამ ცალკე განცხადებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც მიმართა და მას სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მხრიდან, პანდემიის პირობებში, პრესის თავისუფლების შეზღუდვის დაგმობისკენ მოუწოდა.

„კორონავირუსის ეპიდემია პრესის თავისუფლებისა და ინფორმაციის მიღების უფლებისადმი პატივისცემას მოითხოვს. ინფორმაციის უფლება სანდო ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და მასზე წვდომის თავისუფლებას გულისხმობს“, - აცხადებენ RSF-ში“.

პანდემიის პირობებში, ჟურნალისტების უფლებებისა და თავისუფლების უზრუნველყოფისკენ ევროპელ ლიდერებს „ჟურნალისტთა ევროპულმა ფედერაციამაც“ (EFJ) მოუწოდა. მათ სპეციალური მიმართვის ტექსტიც გამოაქვეყნეს, რომელშიც ეპიდემიის პირობებში, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ მედიაზე დაწესებული შეზღუდვების გამო შეშფოთება გამოხატეს.

სპეციალური განცხადება გაავრცელა ევროპის საბჭოს მედიაგარემოსა და რეფორმების ექსპერტთა საბჭომაც. საბჭოს შეფასებით, პანდემიის პირობებში, ახლა, როგორც არასდროს, სანდო და საიმედო ჟურნალისტიკაა საჭირო.

„ზუსტი ინფორმაცია და სამეცნიერო ჟურნალისტების კვლევები დეზინფორმაციასთან და ჭორებთან ბრძოლის ერთადერთი იარაღია. კრიზისულის სიტუაცია საზოგადოების ინფორმაციასთან წვდომის შესაზღუდად არ უნდა იყოს გამოყენებული. ხელისუფლებამ მედიისთვის არ უნდა დააწესოს ისეთი ტიპის შეზღუდვები, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლის პრინციპს დაარღვევს, რაც გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ