ომბუდსმენი აჭარის TV-ს დირექტორს მიმართავს 3 თანამშრომელი პირვანდელ პოზიციაზე აღადგინოს
27.04.2020
საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორის თეონა ბაკურიძის სამსახურიდან გათავისუფლებისა თუ სხვა პოზიციებზე გადაყვანის საქმეში დარღვევები დაადგინა. ომბუდსმენი მაუწყებლის დირექტორს მიმართავს, ბათილად ცნოს ამ თანამშრომლების საქმეზე გამოცემული ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა.

„საქმისწარმოების ფარგლებში მოპოვებული მასალების, მათ შორის, მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების საგულდაგულოდ შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ამ პირთა დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება/გადაყვანა საქართველოს შრომის კოდექსისა და აჭარის ტელევიზიის შრომის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა დღეს, 27 აპრილს გამოაქვეყნა.

ამ განცხადების თანახმად, ახალი ამბების ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის მიმართ დისციპლინური წარმოება წარიმართა ამისთვის დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო წამყვან-რეპორტიორ თეონა ბაკურიძეს ერთი და იმავე დარღვევისთვის ორჯერ შეეფარდა დისციპლინური სანქცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის შრომის სამართალში მოქმედ პრინციპებთან. ამასთან, ორივე შემთხვევაში გამოვლინდა წარმოების პროცესში დასაქმებულების არასათანადო ჩართულობისა და ინფორმირებულობის პრობლემა, რის გამოც მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, სამსახურიდან გათავისუფლებამდე თუ კონკრეტული დისციპლინური სანქციის შეფარდებამდე, შესაბამისი სამართლებრივი არგუმენტაცია დაეპირისპირებინათ მათ მიმართ არსებული ბრალდებებისთვის და სრულფასოვნად ესარგებლათ თავის გამართლების უფლებით. გარდა ამისა, არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის - გათავისუფლების გამოყენების საფუძვლიანობა და პროპორციულობა.

„რაც შეეხება ახალი ამბების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მაია მერკვილაძის საქმეს, მაუწყებლის საშტატო განრიგში მისი პოზიციის გაუქმების შედეგად, იგი არა არსებითად იმავე ფუნქციების მქონე ახლადშექმნილ რედაქტორის პოზიციაზე, არამედ სხვა, არატოლფას თანამდებობაზე გადაიყვანეს. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის შრომის კანონმდებლობასთან, რომლის თანახმადაც, მსგავსი სახის საშტატო ცვლილებები არ ქმნის დაკავებული თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების/გადაყვანის კანონიერ საფუძველს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის 24 აპრილს რეკომენდაციით მიმართა აჭარის მაუწყებლის დირექტორს, ბათილად ცნოს შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის პირვანდელი პოზიციებიდან გათავისუფლების/გადაყვანის შესახებ გამოცემული ბრძანებები და უზრუნველყოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა.

„აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი უფლებადარღვევის ფაქტები კიდევ უფრო ამძაფრებს აჭარის ტელევიზიის თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობასთან დაკავშირებულ ეჭვებს, რომლებიც ტელეკომპანიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ გაჩნდა“, - აცხადებს ომბუდსმენი.

განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენების მონიტორინგს, მათ შორის, შეისწავლის მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული შესაძლო დისკრიმინაციის ცალკეულ საქმეებს, რის შედეგადაც, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განახორციელებს შესაბამის რეაგირებას.

გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევის შემდეგ, შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის გარდა, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის კიდევ არაერთ თანამშრომელს შეეხო ცვლილებები. დირექტორმა ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა ახალი ამბების პროდიუსერ ნათია შავაძეს; ხელშეკრულება შეუცვალა ჟურნალისტ თეონა ხარაბაძესაც და ქუთაისში, ამ ეტაპზე არარსებულ ბიუროში გადაიყვანა; დისციპლინურ წარმოება დაიწყო და ეთერიდან მოხსნა წამყვანი თეონა თურმანიძე. გარდა ამისა, გიორგი კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ მაუწყებელი დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ