"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფესიული
კავშირის თავმჯდომარისა და გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანის მალხაზ
რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება მაუწყებელში კრიტიკული
აზრის დევნის, ალტერნატიული პროფესიული კავშირის დასუსტებისა და
მაუწყებლის დამოუკიდებლობის ნგრევის პროცესის გაგრძელებაა, რომელიც
უკვე შემაშფოთებელ ფორმას იღებს", - ასე ეხმიანება EMC
მორიგ საკადრო ცვლილიებას აჭარის ტელევიზიაში.
შეგახსენებთ, თეონა თურმანიძის შემდეგ, ფეისბუკზე
გამოქვეყნებული პოსტის გამო, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა,
სამსახურიდან გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და მაუწყებლის
ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილიც გაათავისუფლა. ფეისბუკის პოსტი,
რომელიც მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების საბაბი გახდა, მან 21
აპრილს გამოაქვეყნა და ამ პოსტით იგი მაუწყებლის ახალი ამბების
სამსახურის რეპორტიორისა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის აქტიური
წევრის თეონა თურმანიძის წინააღმდეგ დირექტორის მიერ უსამართლო და
უსაფუძვლო დისციპლინურ დევნას გამოეხმაურა.
მალხაზ რეხვიაშვილმა, თეონა თურმანიძესთან ერთად გამოთქვა მოსაზრება,
რომ თეონა თურმანიძის დისციპლინური დევნა დირექტორის იმ ბრძანების
საფუძველზე მოხდა, რომელიც მაუწყებლის თანამშრომლების ქცევის ახალ
წესებს ადგენს და გამოხატვის თავისუფლების თვითნებურ და არაპროპორციულ
შეზღუდვებს აწესებს. მაუწყებლის დირექტორმა თეონა თურმანიძის მიმართ
ახალი ბრძანების გამოყენების ფაქტი უარყო და მალხაზ რეხვიაშვილს ჯერ
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა,
ხოლო შემდგომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო,
რაც რეხვიაშვილის მხრიდან ცილისმწამებლური და მაუწყებლისთვის
რეპუტაციული ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელების არგუმენტით
დაასაბუთა.
"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრძანება პროფესიული კავშირის
თავმჯდომარის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ კრიტიკას ვერ
უძლებს და არამხოლოდ შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევით არის
მიღებული, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევისა და
პროფესიული კავშირების წევრთა დევნისა და შევიწროების თვალსაჩინო და
საშიში ილუსტრაციაა", - ვკითხულობთ EMC-ის განცხადებაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მალხაზ რეხვიაშვილის მიერ
გამოქვეყნებული სტატუსი არ შეიძლება შეფასდეს როგორც ცილისწამება,
რადგან მისი შინაარსი წარმოადგენს ავტორის მოსაზრებას და მასში არ
არის მითითებული არსებითად მცდარი ფაქტი.
"თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სტატუსი ეხება აჭარის მაუწყებელში
მიმდინარე პროცესებს, რაზეც საზოგადოების მნიშვნელოვანი ყურადღებაა
მიმართული და პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეს გაერთიანების
წევრების შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოხმაურების და
დაცვის ვალდებულება აქვს, გავრცელებული მოსაზრება სრულად ექცევა
გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში და მისი ავტორის აბსოლუტურად
დაცულ უფლებას წარმოადგენს. აქვე უნდა ითქვას, რომ მაუწყებლის
დირექტორის ბრალდება ცილისწამების თაობაზე საფუძველს მოკლებულია,
რამდენადაც არ დასტურდება მაუწყებლისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.
ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკით, ცილისწამების
დადგენისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინიციატორმა უნდა
ამტკიცოს არამხოლოდ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა, არამედ ისიც,
რომ მან კონკრეტული ზიანი განიცადა, რაც მოცემულ საქმეში სახეზე
არაა", - აცხადებენ EMC-ში.
ორგანიზაციის განცხადებითვე, ცხადია, რომ პროფესიული კავშირის
თავმჯდომარის წინააღმდეგ წარმოებული დისციპლინური დევნა წარმოადგენს
მაუწყებლის დირექტორის თვითნებურ და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას
შრომითი კანონმდებლობის კუთხითაც.
ამავე განცხადების მიხედვით, EMC მალხაზ რეხვიაშვილის ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს, ისევე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით და უწყებებში მიმდინარე საქმისწარმოების თაობაზე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.