04.06.2020
აჭარის ტელევიზიის და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ემზარ პაქსაძე "ბათუმელებთან" განმარტავს, რომ შორენა ლონტის ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და ახალი ხელშეკრულება მასთან არ გაფორმებულა.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 28 თებერვალს გაათავისუფლეს. გათავისუფლებას წინ უსწრებდა სამსახურებრივი მოკვლევა, რომელიც მაუწყებელში ახალი დირექტორის მისვლის შემდეგ დაიწყო. ბრძანებაში, რომელიც მაშინ დირექტრის სახელით ონლაინ სამსახურს გადაეგზავნა, ნათქვამი იყო, რომ "ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება''.
ასეთი პოზიცია მაუწყებლის ვებგვერდის კონსულტანტის პოზიცია იყო, სადაც შორენა ღლონტი ბოლო სამი თვე მუშაობდა.
"მედიაჩეკერი" ცდილობს შორენა ღლონტთან დაკავშირებას და დამატებითი დეტალების გარკვევას.