08.06.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულმა პროფესიულმა გაერთიანებამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თამარ წილოსანმა იმპიჩმენტის საკითხში მათგან ღია მხარდაჭერა ითხოვა.
„საჯაროდ გაჟღერდა კიდევ ერთი მრჩევლის - თამარ წილოსანის პოზიცია, რომელმაც დაადასტურა მზაობა იმპიჩმენტის მხარდასაჭერად; თუმცა, როგორც აღმოჩნდა - ის, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების ღია მხარდაჭერას ითხოვს ამ კონკრეტული საკითხის მიმართ. ურთიერთობისა და პროცესების ამგვარად წარმართვა სცდება ჯანსაღი კომუნიკაციის და ზოგადად, მაუწყებლის საუკეთესო ინტერესის უზრუნველყოფის ფორმატს.
სრულად ვაცნობიერებთ და ვიაზრებთ, რომ ალტერნტიული პროფესიული გაერთიანების გადაწყვეტილებები და ჟურნალისტური, თუ შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა, აქვე ვფიქრობთ, რომ არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც სცდება გაერთიანების უფლებამოსილებას და მრჩეველმა უნდა იმოქმედოს საკუთარი სინდიდისა და პროფესიული ვალდებულება/პასუხისმგებლობის ფარგლებში. მრჩეველი თავად უნდა წყვეტდეს და აფასებდეს არსებულ ვითარებას, ჟურნალისტების დევნის კონტექსტს და იმასაც, არსებობს თუ არა იმპიჩემნტის კანონიერი საფუძვლები. ამგვარი პასუხისმგებლობის აღება მისი, როგორც მრჩევლის პრეროგატივაა", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც დღეს პროფესიულმა გაერთიანებამ გაავრცელა.
ბორდის წევრი თამარ წილოსანი „მედიაჩექერთან“ ადასტურებს, რომ მას პროფესიულ გაერთიანებასთან კომუნიკაცია ნამდვილად ჰქონდა: „ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვეოდა და მე უბრალოდ ვთქვი, რომ თუკი პროფკავშირებსაც აქვთ იგივე დამოკიდებულება, რომ იმპიჩმენტი არის საჭირო, მათ შეუძლიათ ამის შესახებ განაცხადონ“.
კითხვაზე, აპირებს თუ არა მიმართოს ბორდს იმპიჩმენტის მოთხოვნით, რომლის შესახებაც მან გასულ კვირას განაცხადა, თამარ წილოსანმა განაცხადა, რომ საწყის ეტაპზე ის რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას ითხოვს, მოითხოვს თუ არა დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადებას, სწორედ ამ საკითხების გადაწყვეტაზეა დამოკიდებული:
„სანამ იმპიჩმენტის პროცედურას დავიწყებ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი კადრები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გაათავისუფლეს სამსახურიდან, პოზიციებზე დააბრუნონ. ასევე, ვითხოვ გამოცხადდეს მორატორიუმი ადმინისტრაციის მხრიდან და განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანების გათავისუფლება შეწყდეს. გარდა ამისა, მაუწყებელში უნდა არსებობდეს კოლეგიალური ორგანო, სარედაქციო საბჭო და ვითხოვ, რომ ეს საბჭო დაუყოვნებლივ აღდგეს“.
წილოსანის სტატუსი ფეისბუკზე, რომელშიც იგი წერდა, რომ 8 ივნისს ბორდს დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით მიმართავდა
წილოსანი ამბობს, რომ იგი ითხოვს ამ საკითხების განსახილველად სხდომა 15 ივნისამდე დაინიშნოს და გათავისუფლებული ადამიანები პოზიციებზე დაბრუნდნენ. თუ მისი ეს მოთხოვნა არ შესრულდება, შემდეგ უკვე მრჩეველთა საბჭოს წინაშე დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.
„იმპიჩმენტის მოთხოვნის საფუძვლები ჩემი მხრიდან იქნება განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების გათავისუფლება, დაუსაბუთებელი გადანაცვლებები პოზიციებზე, ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაინტერესებული პირების მონაწილეობის გარეშე, ასევე, მედიაციის პროცესის ჩაშლა კოლექტიური დავის პროცესში. კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ დირექტორმა პანდემიის პირობებში ისე მიიღო რამდენიმე გადაცემის შეჩერების გადაწყვეტილება, რომ ბორდის წევრებმა ამის შესახებ არაფერი ვიცოდით“, - ამბობს წილოსანი.
შეგახსენებთ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ, დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით, მრჩეველთა საბჭოს 3 ივნისს მიმართა.