11.06.2020
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 50% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ იმ მედიის წარმომადგენლების შევიწროება, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, უფრო (39%) ან ძალიან გავრცელებულია (11%).
კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ყალბ ამბებზეც. კითხვაზე, რამდენად არის მოსახლეობა ინფორმირებული „ფეისბუკში“ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი გვერდების შესახებ, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 53%-ს მსგავსი გვერდების შესახებ სმენია, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 17%-ით არის გაზრდილი.
გასული წლის დეკემბერში „ფეისბუკმა“ საქართველოში, „კოორდინებული არაავთენტური ქცევის“ გამო, ასობით გვერდი წაშალა. იმ 53%-დან, რომელსაც „ფეისბუკის“ ყალბი გვერდების შესახებ სმენია, 70% ამ ფაქტის შესახებაც ინფორმირებულია, თუმცა, 46%-მა არ იცის, ვინ დგას ამ გვერდების უკან.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია.