ქარტია: მნიშვნელოვანია გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები დროულად გასაჯაროვდეს
16.06.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ კადიროვის დავალებით იგეგმებოდა "მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დროულად გაასაჯაროონ.

"გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანია ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

აღნიშნული სავარაუდოდ უკავშირდება 2019 წლის 7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის- ვლადიმირ პუტინის გინებას. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა თავად ვლადიმერ პუტინიც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი, ჟურნალისტის ქმედება უარყოფითად შეაფასეს.

ქარტია მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მომზადებასთან დაკავშირებული საქმის დეტალები მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დროულად გაასაჯაროონ.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა", - ვკთხულობთ ქარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ 12 ივნისს თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გუშინვე, საღამოს, "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მათ ეს ამბავი რამდენიმე კვირის წინ შეიტყვეს, ბრიფინგი კი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ეს ინფორმაცია მედიაში გაჟღერდა.

გვარამიამ განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდიაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ დაიგეგმა. ეს ყველაფერი კი მოჰყვა გიორგი გაბუნიას ერთ-ერთ მონოლოგს, რომელშიც გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს აგინა.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ