გიორგი გაბუნია გამოკითხეს სასამართლოში მისი ლიკვიდაციის შესაძლო მზადების საქმეზე
19.06.2020
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია გამოკითხეს. მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა თავად გაბუნიამ მოითხოვა. იგივე მოთხოვნა აქვს არხის დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელიც ასევე დღეს უპასუხებს საგამოძიებო ორგანოების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით.

სასამართლოში შესვლამდე გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მას ჰქონდა ძალიან ზოგადი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მისი ლიკვიდაცია ყოფილიყო დღის წესრიგში. და ასევე, იცოდა, რომ ბოლო 2 თვეა მიმდინარეობდა მასზე თვალთვალი.

გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ კი განაცხადა, რომ მასთან კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, რა ინფორმაცია ჰქონდა მას ამ საქმეზე, ვინ იყვნენ მისი წყაროები და ხომ არ ფლობდა სხვა კონკრეტულ ინფორმაციას ამ საკითხზე.

გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ მას ჰყავდა 2 წყარო, ნიკა გვარამია და მისი დაცვის წევრი. გვარამიამ გააფრთხილა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა მისი ლიკვიდიაციის მცდელობას, მისმა დაცვის წევრმა კი შეამჩნია, რომ მას უთვალთვალებდნენ.

"იყო აქცენტი იმაზე, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ან სუს-ისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია. მე განვუმარტე, რომ არა, რადგან ვენდობი გვარამიას და ასევე, რადგან წყარო იყო სუს-ი, აზრი აღარ ჰქონდა მათთანვე წასვლას", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მან ასევე თქვა, რომ "თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია უნდა, ეს არის რუსეთი და ეს არის რამზან კადიროვი, რომელიც ნიშნავს პუტინს"

გაბუნიამ დღეს თქვა ისიც, რომ მას შესთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა, თუმცა, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო დაცვის შესახებ, უნდა გაესაუბროს თავის ადვოკატს და უნდა შეაფასონ საფრთხეები.

დღესვე, სასამართლოში გამოკითხავენ ნიკა გვარამიასაც, ასევე მისი მოთხოვნის საფუძველზე.

 შეგახსენებთ, 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია "ფორმულამ", შემდეგ კი "მთავარი არხის" დირეექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადეს, რომ 12 ივნისს, სპეცოოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიამ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.  ეს კი მოჰყვა გიორგი გაბუნიას მონოლოგს.

მონოლოგი, რომელსაც გვარამია ახსენებს და რომელსაც მაშინ „რუსთავი 2-თან“ აქციები მოჰყვა, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გასული წლის ივლისში ჰქონდა წამყვანს, გიორგი გაბუნიას. (მაშინ „რუსთავი 2-ის“ გუნდი არ იყო დაშლილი და „მთავარი არხი“ ჯერ არ არსებობდა). გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს აგინა. მის ამ მონოლოგს მოჰყვა რამზან კადიროვის მუქარა ჟურნალისტის მისამართით.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ