ნიკა გვარამია: ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრია
19.06.2020
თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, ამავე არხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის მზადების საქმეზე. 

ნიკა გვარამიამ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მასთან შეკითხვები ძირითადად წყაროებთან დაკავშირებით ჰქონდათ. გვარამიამ თქვა, რომ მას ჰყავდა ორი წყარო, სუს-ის მაღალჩინოსანი და ასევე მეორე მაღალჩინოსანი "ქართული ოცნების", რომელიც სუს-ის ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციას: "მე ეს ინფორმაცია მივაწოდე მათ".

ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ ჩააყენა საგამოძიებო ორგანოები საქმის კურსში, გვარამიამ უპასუხა: "სუს-ს ხომ არ ჩავაყენებდი საქმის კურსში, რომ მისგან ინფორმაცია მაქვს. ეს ასე არ ხდება. ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია არ იყო დაზუსტებული და ბოლომდე სარწმუნოც არ იყო, ვინაიდან, ინფორმაციებს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით სუსის წყაროებიდან ხშირად ვიღებთ, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი გადამოწმებაც და სუს-სვე არ ვატყობინებთ, მართალია თუ არა დაგვიდასტურეთო".

გვარამიამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს ინფორმაცია მიიღო დაახლოებით ორი თვის წინ. მან ასევე თქვა, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, დაკავებული პირი არ არის ქილერი, ის არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი, ამიტომ, იგი ვარაუდობს, რომ მას თანამზრახველი აუცილებლად ეყოლება და ის შესაძლოა იყოს საქართველოში.

გვარამიამ თქვა, რომ მათ ინფორმაცია აქვთ იმ დროიდან, რომდესაც საქმის შესწავლაში საქართველო ჩაერთო. 

შეგახსენებთ, ამ საქმეზე დღეს გამოკითხეს გიორგი გაბუნიაც. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ  გაბუნიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მასთან კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, რა ინფორმაცია ჰქონდა მას ამ საქმეზე, ვინ იყვნენ მისი წყაროები და ხომ არ ფლობდა სხვა კონკრეტულ ინფორმაციას ამ საკითხზე.

ასევე, თქვა, რომ მას შესთავაზეს სახელმწიფო დაცვა, თუმცა,
ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებს სახელმწიფო დაცვის შესახებ, უნდა გაესაუბროს თავის ადვოკატს და უნდა შეაფასონ საფრთხეები.

აქვე შეგახსენებთ, 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია "ფორმულამ", შემდეგ კი "მთავარი არხის" დირეექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადეს, რომ 12 ივნისს, სპეცოოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიამ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, გაბუნიას ლიკვიდაცია რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.  ეს კი მოჰყვა გიორგი გაბუნიას მონოლოგს.

მონოლოგი, რომელსაც გვარამია ახსენებს და რომელსაც მაშინ „რუსთავი 2-თან“ აქციები მოჰყვა, გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გასული წლის ივლისში ჰქონდა წამყვანს, გიორგი გაბუნიას. (მაშინ „რუსთავი 2-ის“ გუნდი არ იყო დაშლილი და „მთავარი არხი“ ჯერ არ არსებობდა). გაბუნიამ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს აგინა. მის ამ მონოლოგს მოჰყვა რამზან კადიროვის მუქარა ჟურნალისტის მისამართით.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ