სარედაქციო საბჭო ამოქმედდება, მორატორიუმი არ ცხადდება - ბორდი წილოსანის ინიციატივებზე
19.06.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში ამოქმედდება სარედაქციო საბჭო, თუმცა, თანამშრომელთა გათავისუფლებაზე მორატორიუმი არ გამოცხადდება - მრჩეველთა საბჭომ თამარ წილოსანის განცხადება განიხილა და მის მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე იმსჯელა.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მრჩევლებმა წილოსანი მოთხოვნას გამოცხადებულიყო მორატორიუმი 2020 წლის ბოლომდე არხიდან თანამშრომლების გათავისუფლებასა და დისციპლინური სანქციების დაწესებაზე, მხარი არ დაუჭირეს.

"თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სანქციების მიმართულებით მორატორიუმის გამოცხადებაზე მე პირადად ვერანაირი ლოგიკა ვერ დავინახე. დისციპლინური სანქცია უკანონოდ არავის წინააღმდეგ არ უნდა განხორციელდეს, არც ამ წლის ბოლომდე და არც არასდროს. ხოლო, თუ დისციპლინური სანქცია ტარდება კანონიერად, ამაში მრჩეველთა საბჭოს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიოს", - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს წევრმა სოსო სტურუამ აჭარის ტელევიზიასთან.

შეგახსენებთ, თამარ წილოსანმა, რომელიც აპირებდა აჭარის ტელევიზიის მრჩევლებისთვის მიემართა დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხით, გადაწყვეტილება შეცვალა და ამის ნაცვლად, ბორდს ორჯერ მიმართა ერთი და იგივე შინაარსის წერილით.

“გთხოვთ, მოიწვიოთ სხდომა, ან უახლესი სხდომის დღის წესრიგში შეიტანოთ შემდეგი საკითხები:

  • მრჩეველთა საბჭოს განცხადება - დირექტორის მიმართ რეკომენდაცია სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში დასაქმებულების, ჟურნალისტებისა და რედაქტორების განთავისუფლებაზე 2020 წლის ბოლომდე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ;
  • სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოში დებულებით განსაზღვრული სარედაქციო საბჭოს ამოქმედების შესახებ;
  • მიმდინარე საკითხები” - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც 15 ივნისს შევიდა მრჩეველთა საბჭოში ორი მრჩევლის, თამარ წილოსანისა და გია ქარცივაძის ხელმოწერით. ეს იყო წილოსანის მეორე განცხადება, მანამდე, მან იგივე შინაარსის განცხადება მრჩეველთა საბჭოში, მარტომ, 8 ივნისს შეიტანა. 

ორივე შემთხვევაში წილოსანმა "მედიაჩექერთან" განმარტა, რომ ამ საკითხების განხილვაზე იქნებოდა დამოკიდებული, შეიტანდა თუ არა განცხადებას დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით. 

"მედიაჩექერი" შეეცადა წილოსანთან გაერკვია, რას აპირებს ახლა, როცა მისი განცხადება მრჩევლებმა განიხილეს და ფაქტობრივად, მისი მთავარი მოთხოვნა მორატორიუმის გამოცხადებაზე, არ დააკმაყოფილეს. 

"რა გადაწყვეტილებასაც მივიღებ, პირველ რიგში გეცნობებათ თქვენ, მედიასაშუალებებს", - გვითხრა წილოსანმა და დაამატა, რომ ახლა ვრცლად ვერ გვესაუბრება, რადგან სხდომაზე იმყოფება, სადაც პრიორიტეტებს განიხილავენ. 

შეგახსენებთ, ორ კვირაზე მეტია, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ, დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით, მრჩეველთა საბჭოს მიმართა. პარალელურად, იგივე მოთხოვნით, აჭარის ტელევიზიასთან მაისის ბოლოს შიმშილობა დაიწყო საზოგადოებრივი მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმის" აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ. ამ მოთხოვნით იგი ორი კვირის განმავლობაში შიმშილობდა. 

"ვწყვეტ შიმშილობას და მრჩეველთა საბჭომ მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს კოხრეიძე დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი“, – აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ  12 ივნისს, შიმშილობის შეწყვეტის დღეს, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.


მთავარი ფოტო: არქივიდან


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ