20 ივნისს დაშავებული ჟურნალისტების გამოუძიებელი საქმეები და სარჩელი სტრასბურგში
20.06.2020
2019 წლის 20 ივნისს, თბილისში გამართული ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას, მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა - ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები. დაშავებულები ამბობენ, რომ მათი საიდენტიფიკაციო ნიშნების მიუხედავად, სამართალდამცველები მაინც დამიზნებით ესროდნენ. მომხდარიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა ამ დრომდე, დაშვებულ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მინიჭებიათ. ყველა ინსტანციის მოვლის შემდეგ, რამდენიმე ჟურნალისტის საქმე სტრასბურგში გაიგზავნა.

„მერაბ ცაავა და ბესლან კმუზოვი საქართველოს წინააღმდეგ“ და „ზაზა სვანაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - ამ სახელებით მედიის სამი წარმომადგენლის საქმე სტრასბურგში უკვე დარეგისტრირდა:

“ჩვენ ვიცავთ, ბესლან კმუზოვის, მერაბ ცაავას და ზაზა სვანაძის სამართლებრივ ინტერესებს. ბესლან კმუზოვი Кавказский Узел-ის, მერაბ ცაავა კი „გურია ნიუსის“ ჟურნალისტია. ზაზა სვანაძე, ასე, კონკრეტულად, რომელიმე მედიასაშუალებაში არ მუშაობს, ბლოგერია, იმ დროისთვის ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემისთვის მუშაობდა. თუმცა, ზაზა სვანაძის შემთხვევას ჩვენ მაინც ცალკე განვიხილავთ და ამიტომ ცალკე გავაგზავნეთ მისი საქმე”, - გვეუბნება ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, თითქმის ერთი წელია, 20-21 ივნისს დაშავებული 14 ჟურნალისტის ინტერესებს იცავენ. ორგანიზაციები ჟურნალისტებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.

ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაშავებული ჟურნალისტების სხეულზე დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ვიზუალურადაც ჩანდა, არც პროკურატურამ და არც სასამართლომ მათ დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.

“მერაბ ცაავა ვიდეოკამერით იღებდა ამ მოვლენებს, კამერა ხელით ეჭირა და თვალთან ჰქონდა მიტანილი ხელი, ამით გადაურჩა თვალის დაკარგვას, როდესაც ტყვია მოხვდა ხელში. ბესლან კმუზოვს კი აქვს 6 ჭრილობა, მათ შორის თავის არეში აქვს ძალიან მძიმე ჭრილობა მიყენებული, გადახსნილი ჰქონდა თავი და რამდენიმე ნაკერი დაადეს. დაზიანებები ვიზუალურადაც ჩანდა და ექსპერტიზის დასკვნაც ჰქონდათ, როგორც ვიცი. ვალდებულები იყვნენ, რომ გამოძიებაში ამ ადამიანებს დაზიანებულების სტატუსი მაინც ჰქონოდათ, მაგრამ ამასაც კი ვერ მივაღწიეთ”.

ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ ყველა ინსტანციაში გასაჩივრების შემდეგ, საქართველოში ყველა შესაძლებლობა ამოწურეს და იძულებულები გახდნენ, საქმე სტრასტუბრგში გაეგზავნათ. მისივე თქმით, საქართველოში გამოძიება არაეფექტურად წარიმართა: “ამ დროისთვის, ფაქტობრივად, გვაქვს მოცემულობა, რომ ეს გამოძიება ვერ ჩატარდა ეფექტიანად, რის გამოც მოგვიწია სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა. სტრასბურგი, რა თქმა უნდა, უკვე კომპენსაციის კუთხითაც იმსჯელებს, როგორც ხდება ხოლმე და გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფოს დაეკისრება კომპენსაციები ამ ჟურნალისტების სასარგებლოდ”, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

“ადამიანთა უფლებების ცენტრის” მსგავსად, გამოძიებას არაეფექტურად აფასებს საიაც. ორგანიზაცია 11 ჟურნალისტის უფლებებს იცავს, იურისტი რეზო აჭარაძე გვიყვება, რომ სასამართლომდე მისვლა ორჯერ მოუწიათ, თუმცა, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ორივეჯერ უარი მიიღეს.

“ერთობლივი განცხადებით მივმართეთ ორ ნაწილად და როგორც ჟურნალისტებზე, ასევე მოქალაქეებზე იყო აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, მივუთითეთ, რომ ეს პირები დაზარალებულად უნდა იყვნენ ცნობილი და ამაზე მოვიდა უარყოფითი პასუხი, რომელიც შემდგომ გავასაჩივრე. არაერთხელ მივმართეთ გამოძებას, პროკურატურას, შემდგომ ზემდგომ პროკურორსაც და მერე უკვე სასამართლოსაც, რომ დაზარალებულად ეცნოთ პირები, ვისაც ჩვენ ვიცავთ. როგორც ჟურნალისტები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები. სამწუხაროდ, არც ერთი ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა”, - ამბობს რეზო აჭარაძე.

მისივე თქმით, ჟურნალისტების საქმეების სტრასბურგში გაგზავნას საიაც აპირებს.




დღეს, მომხდარიდან ერთი წლის თავზე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განცხადება გაავრცელა და პროკურატურას მოუწოდა დროულად გამოიძიოს 2019 წლის 20-21 ივნისს მომხდარი.

“სამართალდამცავი უწყების მხრიდან მსგავსი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებამ, ამგვარი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევები, შეიძლება, წაახალისოს”, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იმ სამართალდამცავების სასწრაფოდ გამოვლენისა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, ქარტიამ სამართალდამცავ უწყებებს გასულ წელს, მომხდარიდან მეორე დღესვე მიმართა. მაშინ ქარტიამ სპეციალური მიმართვაც მოამზადა საქართველოს მთავრობის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის სახელზე, რომელშიც დასახელებული იყო ყველა დაშავებული.

პარალელურად, ქარტიის ორგანიზებით, თბილისსა და საქართველოს 12 ქალაქში, ჟურნალისტებმა შსს-სა და ადგილობრივი სამმართველოების შენობებთან საპროტესტო აქციებიც გამართეს.

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულების საქმეს მთავარი პროკურატურა ერთ დიდ საქმედ იძიებს. ჟურნალისტების საქმეზე ამ დრომდე ცალკე გამოძიება არ დაწყებულა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ