TV პირველიდან წამოსული გუნდი გადაცემა “პოლიტმეტრს” ფორმულაზე იწყებს
25.06.2020
“TV პირველიდან” წამოსული ტელეწამყვანები, ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია, გადაცემა “პოლიტმეტრს” ტელეკომპანია ფორმულაზე წაიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

გადაცემის გუნდმა “TV პირველი” 12 ივნისს დატოვა. ტელეკომპანიის დატოვების შესახებ ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანებმა გააჟღერეს. ნინო ჟიჟილაშვილმა "TV პირველის" დატოვება სარედაქციო ხედვების აცდენით ახსნა და მაყურებელს უთხრა, რომ უახლოეს მომავალში "პოლიტმეტრს" სხვაგან აუცილებლად იპოვიდნენ.

"პოლიტმეტრი "TV პირველზე" დღეს ამ გადაცემით ასრულებს მუშაობას, მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებებზე. "TV პირველში" ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჟურნალისტები, არხის ეთერში გასვლის დღიდან ჩრთულნი ვიყავით თითოეულ გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევის მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნების და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით "TV პირველზე" ხდება, არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. მოკლედ, დღეს 5 წლის თავზე ჩვენი გზები იყოფა", - თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას შემდეგ, “TV პირველი” “დღის ამბების” წამყვანმა დიანა ტრაპაიძემაც დატოვა, თუმცა, თქვა, რომ სხვა ტელეკომპანიაში არ გადადის და დროებით დასვენებას გეგმავს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ