არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია - მედიაკოალიცია კალაძის ინიციატივაზე
25.06.2020
კოალიცია „მედიის ადოკატირებისათვის“ ეხმიანება ქალაქ თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინიციატივას შექმნას ახალი პლატფორმა მედიაკრიტიკისათვის და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად.

"მიგვაჩნია, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს. უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა", - ვკითულობთ კოალიციის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები.

"თბილისის მერს, როგორ მმართველი პარტიის წარმომადგენელს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები", - აცხადებენ კოალიციის წევრი ორგანიზაციები. 

თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ, 24  ივნისს, ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც განაცხადა, რომ „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს.




„ისმის კითხვა, რა დავუპირისპიროთ ცრუ „მთავარს“, თუ ტყუილში „პირველებს“, თუ მათთან ასოცირებულ „ფეიკ ნიუსების“ გამავრცელებლებს. რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით", - ამბობს კალაძე ამ ვიდეომიმართვაში.

 დღეს, 25 ივნისს, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ბანერებიც, რომელზეც სამი არხის ლოგო ჩანს. 



ამ ფატქებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა.

"ეს ბანერი მიჩენს შთაბეჭდილებას, რომ რეალურად მიზანია კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება და არა ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

კახა კალაძემ კი თქვა, რომ "ეს ბანერები მას უხერუხლობას არ უქმნის".

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ