01.07.2020
ზაზა აბაშიძე — „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელია, გია მურღულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი კი მედიაკავშირ „ობიექტივის“ წამყვანი.
ზაზა აბაშიძემ 98 ხმა მიიღო (არცერთი წინააღმდეგი), ბონდო მძინარაშვილმა 95 ხმა (13 წინააღმდეგი), გია მურღულიამ კი 92 ხმა (1 წინააღმდეგი). მეოთხე კანდიდატმა, დოდო შონავამ, რომელსაც ასევე უყარეს კენჭი, მხოლოდ 44 ხმა მიიღო და მისი კანდიდატურა არ დამტკიცდა, რადგან ქვორუმი 76 ხმა იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სამი წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქეთევან მსხილაძეს, ნინია კაკაბაძეს და გია იაკობაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
3 წევრის ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებულ ღია კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან პროცესს ორი კანდიდატი გამოეთიშა - ოთარ შაორშაძე, რომელმაც საწყის ეტაპზე ხარვეზიანი დოკუმენტი წარადგინა და შემდეგ ეს დოკუმენტი არ შეასწორა და ნინო ჭალაგანიძე, რომელიც გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.
პლენარულ სხდომამდე ორი დღით ადრე, 29 ივნისს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს.
"მოვუწოდებთ პარლამენტს, შეაჩეროს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურსის მიმდინარეობა", - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, მეურვეების შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს 3 ვაკანტურ ადგილზე 8 კანდიდატურა წარუდგინა მაშინ, როცა პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს „ასარჩევზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტი კანდიდატურა“ უნდა წარედგინა, ანუ, ამ შემთხვევაში, არანაკლებ 9.