ე.წ. საბოტაჟის საქმეს მედიაკოალიცია მედიის თავისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ პროცესად აფასებს
03.07.2020
‘დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები“, - ასე აფასებს კოალიცია მედიის თავისუფლებისათვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებულ გამოძიებას. მედიაკოალიცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს შეწყვიტოს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის გამოიყენოს თვითრეგულირების მექანიზმები. 

„ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები.

ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე.

მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც კოალიციამ მედიის თავისუფლებისათვის დღეს, 3 ივლისს გაავრცელა.

მედიაკოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

„სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია .

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 2 ივლისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, უფლება მიეცა, რომ “მთავარი არხიდან” ე.წ. საბოტაჟის საქმესთან დაკავშირებული რეპორტაჟის სრული, დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა ამოიღოს. მაუწყებლის დირექტორი, ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ ეს ქმედება არხის დისკრედიტაციას და მათ დაშინებას ემსახურება.

საქმე ეხება “მთავარი არხის” ეთერში 20 ივნისს გასულ სიუჟეტს „ნაყიდი COVID-19“. სიუჟეტში რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერის სანაცვლოდ, მათ გარკვეულ თანხას სთავაზობდნენ. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება საბოტაჟის მუხლით და ამ გამოძიების ფარგლებში “მთავარი არხის” რესპონდენტები გამოკითხვაზე დაიბარა.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ