10.07.2020
კვლევა სახელწოდებით - „2019 წლის სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის მიმოხილვა“ ორგანიზაციამ დღეს, 10 ივლისს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი 2016-2019 წლებში ყოველწლიურად მცირდება.
„2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, სარეკლამო შემოსავალი 8.2 მლნ ლარით (10.9%) შემცირდა, ხოლო, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალს გამოვაკლებთ, კერძო ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი, 2018 წელთან შედარებით, 6.9 მლნ ლარითაა (9.4%) შემცირებული. 2019 წელს რეკლამაში შემავალი ხუთი კომპონენტიდან, სამი ძირითადი კომპონენტი შემცირდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.
ინფოგრაფიკა საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველოს კვლევიდან
ამავე კვლევის მიხედვით, გასულ 2019 წელს, ყველაზე დიდი სარეკლამო
დანაკარგი „რუსთავი 2-ს“ ჰქონდა. (ბოლო წლების განმავლობაში სარეკლამო
ბაზარზე „რუსთავი 2“ ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად ლიდერობდა).„რუსთავი 2-მა“ სარეკლამო შემოსავლები ძირითადად 2019 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში დაკარგა. ჯამში, 2018 წელთან შედარებით, ტელევიზიამ 8.3 მლნ ლარით (27.2%) ნაკლები შემოსავალი მიიღო. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ასევე ტელევიზიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთლიანი სარეკლამო ბაზრის შემცირება სწორედ „რუსთავი 2-ის“ ფაქტორმა განაპირობა“, - ნათქვამია კვლევაში.
ინფოგრაფიკა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევიდან
ამავე კვლევის მიხედვით, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 2019 წელს რეკლამის სახით 1.6 მლნ ლარის ოდენობის თანხა მიიღო და სარეკლამო შემოსავლების მხრივ მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო „ფორმულას“ შემოსავალი 320 ათასი ლარია. (შეგახსენებთ, ორივე ეს ტელევიზია „რუსთავი 2-დან“ წასულმა თანამშრომლებმა დააარსეს).
საბოლოოდ, სატელევიზიო რეკლამის შემოსავლების მხრივ, ტელევიზიების ათეული ასე გამოიყურება:
ინფოგრაფიკა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევიდან
როგორც ცხრილიდან ჩანს, სარეკლამო შემოსავლების მხრივ უპირობო ლიდერი ტელეკომპანია „ტელეიმედია“. მან ჯამში ჰოლდინგში შემავალ ტელევიზიებთან - „სტუდია მაესტროსა“ და „ჯი-დი-ეს თი-ვისთან“ ერთად, რეკლამის სახით 2019 წელს 28.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. მისი წილი სარეკლამო ბაზარზე 2019 წელს 37%-დან 42.8%-მდე გაიზარდა, „რუსთავი 2-ის“ კი 7.4%-ით შემცირდა, თუმცა, „რუსთავი 2-ის“ და „იმედის“ ჰოლდინგების წილი 2019 წლის სარეკლამო ბაზარზე კვლავ სოლიდური დარჩა - ჯამში 75.6%.
- ამავე თემაზე იხილეთ მედიაჩეკერის სტატია: "ვისთვის იზრდება შემცირებული
სატელევიზიო სარეკლამო
ბაზარი"
რაც შეეხება ტელევიზიების ჯამურ შემოსავლებს, კვლევის მიხედვით, ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. კვლევის მიხედვით, ამ მონაცემებზე დიდი გავლენა ორმა კომპონენტმა მოახდინა - მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობამ და სხვა არასამაუწყებლო შემოსავალმა. კერძოდ, 2019 წელს შექმნილმა „მთავარ არხმა“ მფლობელისგან 4 მილიონ ლარამდე შემოწირულობა მიიღო; „ფორმულას“ მაჟორიტარულმა წილის მფლობელმა (დავით კეზერაშვილმა) 4.9 მლნ ლარამდე შესწირა, ხოლო ტელევიზიის „სხვა არასამაუწყებლო შემოსავალმა“ 11.7 მლნ ლარს მიაღწია, რაც, როგორც თავად განმარტეს, ასევე კეზერაშვილის მიერ არხისთვის სესხის სახით გაცემული თანხაა.
ინფოგრაფიკა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევიდან
„რომ არა ახლადშექმნილი ტელევიზიების „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მფლობელების მხრიდან შემოწირულობის სახით გაღებული თანხა, თუ მის მიერ ტელევიზიისთვის გაცემული სესხი, ტელევიზიების ჯამური შემოსავლის კლება სოლიდური იქნებოდა“, - ვკითხულობთ კვლევაში.