15.07.2020
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოიკვეთა რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს სპეციალური მმართველი“, - გვეუბნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიასამართლის იურისტი ნიკა სიმონიშვილი, რომელიც პროცესებში განხილვების დაწყების დღიდანვეა ჩართული.
ნიკა სიმონიშვილი ამ შემთხვევებს განმარტავს:
- წილების გასხვისების, შეძენის ან შერწყმის დროს,
შეტყობინების და გარიგების დადების წესების დაუცველობისას;
- "მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე" კომპანიების მხრიდან შემდეგი სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობისას: საკომუნიკაციო ქსელის ელემენტთან დაშვების ვალდებულების დარღვევისას და სატარიფო რეგულირების ან ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დარღვევისას;
„წილების გასხვისების უფლებამოსილება ამოღებულია. ხოლო, მაუწყებლობის შესახებ კანონში რაც იყო ჩანაწერი, კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლაზე, ის ჩანაწერი გადმოიტანეს ელექტრონული კომუნიკაციების კანონში და ამ სფეროზე გავრცელდება მარტო“, - გვიხსნის ნიკა სიმონიშვილი.
სწორედ აღნიშნულ კანონპროექტში სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ ჩანაწერი გახდა გასულ კვირას ერთ-ერთი დავის საგანი, ვინაიდან, მაუწყებლებმა და მედიასფეროში მომუშავე ორგანიზაციებმა მასში მედიის შეზღუდვის საფრთხეები დაინახეს.
„ჩუმი ნაღმი მედიისთვის“ - ასე შეაფასა საკანონმდებლო პაკეტის თავდაპირველი ვერსია გასულ კვირას, „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ნიკა სიმონიშვილმა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი, ზოგადად, ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე და არ ვრცელდება მაუწყებლებზე, საქართველოში არის ბევრი შემთხვევა, როდესაც მაუწყებლები ამავდროულად წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ანუ მაუწყებლობას თავისივე მულტიპლექსით გადასცემენ (მაგ.: ტელეკომპანია „კავკასია“, 25 რეგიონული მაუწყებელი. რედ.). ამიტომ, ასეთ შემთხვევებში, თუ ავტორიზებულ პირს დაენიშნებოდა სპეციალური მმართველი, ეს ნიშნავდა, რომ იმ კონკრეტულ მაუწყებელში, შპს-ში დაინიშნებოდა მმართველი და, შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რასაც ეს სპეციალური მმართველი ანუ დირექტორის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი მიიღებდა, შეეხებოდა იმ მაუწყებელსაც.
„მაგალითად, მას შეეძლება, რომ დირექტორი ან საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციიდან ან მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი იმის მომასწავლებელია, რომ მას შესაძლებლობა ექნება ჩაერიოს სარედაქციო საქმიანობაში“, - უთხრა მან „მედიაჩეკერს“.
ირიბი ზეგავლენა ამ ჩანაწერს ექნებოდა ცენტრალურ მაუწყებლებზეც, რასაც მაგალითად ტელეკომპანია „მთავარი არხის“ იურისტი თამთა მურადაშვილი შემდეგნაირად ასაბუთებდა: „ციფრულ მაუწყებელობაზე გადავლის შემდეგ, ციფრულ სიგნალს გვაწვდის სპეციალური სადგური, ყველა ტელევიზია ჩართულები ვართ ე.წ. მუქსში (მაგალთად, “სტერეო+”) და ამ კომპანიის საშუალებით ვმაუწყებლობთ, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება ელექტრონული კომუნიკაციების კანონს და კომისიას მისი გავლით შეუძლია ჩვენზე ზეწოლა“.
საკანონმდებლო პაკეტს, რომელშიც ასევე შედიოდა „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებებიც (რაც გულისხმობდა მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას), არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე შეფასებებიც მოჰყვა. 10 ივლისს, პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში განხილვების დაწყებას კი მაუწყებლებისა და არასამთავრობო სექტორის აქცია/პრესკონფერენცია უსწრებდა წინ.
მოვლენების ასე განვითარების შედეგად, შედგა შეთანხმება, რომ „მაუწყებლობის კანონში შესატან ცვლილებებს“ უკან გაიწვევდნენ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა კი გადაიდებოდა და მხარეებს შორის კონსულტაციები გაიმართებოდა. სწორედ ეს კონსულტაციები უსწრებდა პირველი მოსმენით განხილვას, რომელიც გუშინ, 14 ივლისს, გვიან ღამით გაიმართა.
„ძალიან კარგია, რომ კომპანიებმა გაიგეს და გაიაზრეს საბოლოოდ, რომ გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს, დამატებითი უფლებამოსილება სჭირდებოდა და გარკვეულ კომპრომისამდე მივედით", - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროში 6 ივლისს დარეგისტრირდა. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. მის საბოლოოდ დამტკიცებამდე კიდევ ორი მოსმენა უნდა გაიმართოს.