ეს გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ 15 ივლისის ოფიციალური წერილით აცნობა ყველა იმ ორგანიზაციას, ვისი ხელმოწერითაც 29 ივნისს ფეისბუქს ღია მიმართვა გაეგზავნა.
„მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის სრულყოფილად ამოქმედების შესახებ, შესრულდება და აგვისტოს დასაწყისიდან საქართველოში "ფეისბუკზე" პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის მკაცრი მოთხოვნები გავრცელდება“, - წერს ღია მიმართვის ხელმომწერი ერთ-ერთი ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მრჩეველ-კონსულტანტი მიხეილ ბენიძე.
მისივე ინფორმაციით, წერილის მიხედვით, ირკვევა რომ მომდევნო კვირების განმავლობაში "ფეისბუქი" პოლიტიკური რეკლამის განმათავსებლებს მიაწვდის ინფორმაციას რეკლამების გამჭვირვალობის მოთხოვნების შესახებ, რათა მათ შეძლონ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.
„ეს წერილი ადასტურებს, რომ "ფეისბუქი" სერიოზულად მოეკიდება 2020 წლის არჩევნებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ 2020 საკმაოდ დაძაბული საარჩევნო წელია ასევე აშშ-შიც. ამასთან, "ფეისბუქისთვის" მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა და უკუკავშირი. დაბოლოს, პოლიტიკური აქტორებისთვის შესაბამისი ინსტრუქციების მიცემა, ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეკლამის თამაშის წესები დადგენილი და ცნობილი იქნება. შესაბამისად, ამ მოთხოვნების შესრულება უკვე თითოეული ამ აქტორის პასუხისმგებლობა იქნება“, - ამბობს მიხეილ ბენიძე.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით,
რომელიც ასევე ერთ-ერთია ღია მიმართვის ხელმომწერ 50-მდე ორგანიზაციას
შორის, უმოკლეს დროში Facebook-ისგან მიღებული ეს დადებითი პასუხი
სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მიღწევაა იმ პრობლემის
მოგვარების გზაზე, რომლის აღმოფხვრასაც ყველაზე პოპულარულო სოციალური
ქსელის ადმინისტრაცია მათთან აქტიური თანამშრომლობით გეგმავს.
„ვფიქრობთ, Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის მაღალი
ხარისხი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს 2020 წლის საარჩევნო გარემოს
გაჯანსაღებას და მის დაცვას შიდა და გარე არაჯეროვანი ჩარევისგან“, -
აცხადებენ ორგანიზაციაში.
Facebook-ზე პოლიტიკური შინაარსის მასალის გამჭირვალობის საჭიროებაზე
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” არაერთგზის მიუთითებდა, მათ
შორის ბოლო ანგარიშშიც, რომელიც 2019 წელს
პარტიათა დაფინანსების საკითხებს მიმოიხილავს.
შეგახსენებთ, ღია მიმართვა მარკ ზაკერბერგს, „ფეისბუქის“ დამფუძლებელს და CEO-ს და ნიკ კლეგს, „ფეისბუქის“ გლობალურ საქმეთა და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტს, 50-მდე ორგანიზაციის ხელმოწერით, მიმიდნარე წლის 29 ივნისს გაეგზავნა. ღია მიმართვის ხელმომწერებს შორისაა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.