ინფორმაცია მენეჯმენტის გადაწყვეტილების შესახებ აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე, დღეს, 4 აგვისტოს საღამოს გამოქვეყნდა. მაუწყებელმა ადმინისტრაციის ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ "სამი თანამშრომლის გათავისუფლება გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარეობდა და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას". ახლა კი, "იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა".
რა პოზიციებზე დაბრუნებას სთავაზობენ გათვისუფლებულ თანამშრომლებს, ტექსტში ბუნდოვანია:
ამავე განცხადებაში მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ "ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა, ვერ აიძულებს მენეჯმენტს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან".
"მედიაჩეკერი" შეეცადა მაუწყებლის საკადრო სამსახურში გადაემოწმებინა
რას გულისხმობს განცხადება, რა პოზიციებზე ბრუნდებიან გათავისუფლებული
თანამშრომლები, თუმცა, ემზარ პაქსაძის, აჭარის ტელევიზიის კადრების
განყოფილების ხელმძღვანელის მობილური ტელეფონი გამორთულია. დეტალების
დაზასუტებლად კი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმაც (იმ მოტივით,
რომ ეს თანამშრომლები მას არ ექვემდებარებიან) და იურიდიული
სამსახურის უფროსმაც მასთან გადაგვამისამართა.
სამსახურიდან გათავისუფლებულმა გიორგი მურვანიძემ "მედიაჩეკერთან"
განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რისი თქმაც შეუძლია, არის მხოლოდ ის, რომ
ჯერ არაფერი გადაუწყვეტია და მისი პოზიცია ხვალ გახდება
ცნობილი.
ასევე ხვალ გადაწყვეტს დასთანხმდება თუ არა შეთავაზებას, ბაჩო
გურაბანიძე.
"ჯერჯერობით საბოლოო ვერსია ხელშეკრულების, რაზეც ხელი უნდა მოვაწერო,
არ მინახავს, ამ წუთში ხელი არაფერზე არ მაქვს მოწერილი. იყო ზეპირი
საუბარი, რაღაცებზე შევთანხმდით, რაღაცებზე ვერა. ხვალ, როცა
ხელშეკრულების საბოლოო ვერსიას ვნახავ, შემდეგ მივიღებ
გადაწყვეტილებას. ხვალ დილით იქნება ხელშეკრულება მზად, კარგად
გავეცნობით და შემდეგ გადავწყვეტთ", - განაცხადა ბაჩო გურაბანიძემ
"მედიაჩეკერთან".
შეგახსენებთ, აჭარის
ტელევიზიის შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“
რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი
მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე
მაუწყებლიდან 30 ივლისს გაათავისუფლეს. იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი
თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი
მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და
პერმანენტული აქციები დააანონსა.
თანამშრომლების გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია განცხადებით გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს
მოუწოდა, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე
პროცესებით. მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად
კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის
ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის
მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე
სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო
ნიშნებს შეიცავს.
3 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი
მაუწყებლის კანცელარიაში, 230 თანამშრომლის ხელმოწერილი
დოკუმენტი შევიდა. ხელმომწერებმა
მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნება
მოითხოვეს.