საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი დღესვე გამოცხადდება
18.08.2020
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი დღესვე გამოცხადდება.

„ეს პროცესი გასავლელია, პროცედურები გაწერილია, მივყვებით კანონმდებლობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში, ვიდრე იქნება ეს პროცესი, საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იქნება მიღებული რადიკალური ტიპის გადაწყვეტილებები. მივყვებით ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებს. ახალი სეზონი უკვე მოვიდა და ყველაფერი მზად არის, რათა დავიწყოთ ახალი სეზონი. ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ ვიდრე ახალი გენერალური დირექტორი არ იქნება არჩეული, მაუწყებელი სტატუსკვოს შეინარჩუნებს და ამის შემდეგ უკვე დავხვდებით ახალ გენერალურ დირექტორს იმ მოცემულობით, როგორიც გვაქვს დღეს“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 18 აგვისტოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. განცხადებაში, რომლითაც სამეურვეო საბჭოს მიმართა, მაღლაფერიძე წერს:

"მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ".

მოგვიანებით, სამეურვეო საბჭოს წევრმა, ზაზა აბაშიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაღლაფერიძემ მათთან დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა 30 კალენდარული დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად:

  • გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის სულ ცოტა 3 წლისა და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლისა.

  • გენერალური დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს გენერალურ დირექტორს.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს 6 წლის ვადით ირჩევენ. ახალი დირექტორის არჩევამდე, გენერალური დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს. 

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ