რა საფრთხეს ხედავენ GNCC-ის მიერ ‘საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის შესახებ’ დებულებაში შესატან ცვლილებებში
20.08.2020


საქართველოს კომუნიკაციების კომისია გეგმავს ცვლილებები შეიტანოს დადგენილებაში, რომელიც მას უფლებას მისცემს, მისი მოქმედების სფერო გააფართოოს და რეგულაციები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტელე და რადიო მაუწყებლებსა და გაზეთებზე ვრცელდებოდა ონლაინ მედიასაშუალებებზეც გაავრცელოს.

საუბარია დადგენილებაზე “საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“. ცვლილების მიხედვით, დადგენილებიდან ამოიღებენ მედიის განმარტებას და ასევე ჩამონათვალს, თუ კონკრეტულად ვისზე და რაზე გავრცელდება საარჩევნო პროცესში დადგენილი რეგულაციები.

უფრო კონკრეტულად, დადგენილების მესამე მუხლში განმარტებულია, რომ საარჩევნო პროცესში დადგენილი რეგულაციები ვრცელდება მაუწყებლებზე, სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელსა და გაზეთებზე, რომლებიც ფინანსდებიან ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ცვლილების მიხედვით კი, დადგენილებიდან ამ ჩამონათვალს ამოიღებენ. ეს კი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის მარიამ გოგოსაშვილის განმარტებით, ფაქტობრივად, კომისიის უფლებამოსილებას გააფართოებს.

„მედიის განმარტების ამოღებით, კომისია სავარაუდოდ დადგენილებას გაავრცელებს ონლაინ მედიაზეც. აღსანიშნავია, რომ საარჩეევნო კოდექსის საფუძველზე კომისია დღესაც ადგენს სამართალდარღვევათა ოქმებს, თუმცა მიმაჩნია, რომ აღნიშნული კანონის საფუძველზეც კი არ აქვს კომისიას უფლებამოსილება დაამონიტორინგოს და მისი უფლებამოსილება გაავრცელოს ონლაინ მედიებზე. ონლაინ მედიებზე კომისიის უფლებამოსილების გავრცელების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კომისია ამ ნაწილზე დაელოდოს სასამართლოს განმარტებას”, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2020 წლის თებერვალში საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ბეჭდური და ონლაინ მედიის მიმართ იმავე რეგულაციების გავრცელება, რაც სამაუწყებლო მედიის (ტელევიზია და რადიოს) მიმართ არის დაწესებული. საქმე ეხებოდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ონლაინ გამოცემა reginfo-სთვის სამართალდარღვევის ოქმის შედგენას იმ მიზეზით, რომ ვებგვერდმა კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში გამოაქვეყნა არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები.

გარდა ამისა, მესამე მუხლიდან ასევე დაგეგმილია მეორე ქვეპუნქტის ამოღებაც, სადაც განმარტებულია, რომ რეგულაციები ვრცლდება წინასაარჩევნო რეკლამაზე, წინასაარჩევნო დებატებზე, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებსა და წინასაარჩევნო აგიტაციაზე.

მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ეს ცვლილებაც მთელ რიგ კითხვებს აჩენს:

“ცვლილება შესაძლოა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ მარეგულირებელმა დაამონიტორინგოს მაუწყებლის მთლიანი ბადე”.

კომუნიკაციების კომისია „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხს დღეს, 20 აგვისტოს განიხილავს. ცვლილებების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ უახლოეს 10 დღეში უნდა მიიღოს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ