27.08.2020
საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის 4 თანამშრომლის, ახალი ამბების სამსახურის გამოშვების წამყვან-რეპორტიორის თეონა თურმანიძის, ამავე სამსახურის რეპორტიორის, თეონა ხარაბაძის, ონლაინ მედიის სამსახურის უფროსის, სოფიო ჟღენტის და საავტორო შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის საღამოს გადაცემის ყოფილი წამყვან-რეპორტიორის მალხაზ რეხვიაშვილის საქმეში შრომითი უფლებები დაირღვა.
ომბუდსმენის განცხადებით, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან დათხოვნის, თეონა თურმანიძის სატელევიზიო საქმიანობაზე დაშვების შეზღუდვისა და სოფიო ჟღენტისთვის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის (შესასრულებელი სამუშაოს სახე) შეცვლის შედეგად, ადგილი ჰქონდა მათი შრომითი უფლებების დარღვევას, ხოლო რეპორტიორის საქმიანობის განსახორციელებლად თეონა ხარაბაძისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა მის შრომით უფლებაში ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენდა.
"ამასთან, საგულისხმოა, რომ მალხაზ რეხვიაშვილისა და თეონა თურმანიძის უფლებების დარღვევა განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელმა და არაპროპორციულმა ჩარევამ გამოიწვია.
გარდა ამისა, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ თეონა თურმანიძისა და თეონა ხარაბაძის შრომითი უფლებებში ჩარევის დროს, ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციას", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც დღეს, 27 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ამ განცხადების თანახმად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის 24 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა აჭარის ტელევიზიის დირექტორს,
- ბათილად ცნოს ბრძანებები, რომლებითაც მალხაზ რეხვიაშვილი
გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, ხოლო თეონა თურმანიძეს დროებით
შეეზღუდა სატელევიზიო წამყვანის საქმიანობაზე დაშვება და მოახდინოს
მათი შრომითი უფლებების აღდგენა;
- მომავალში, ნებისმიერი სახის საკადრო თუ ორგანიზაციული
გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოახდინოს აღნიშნული პროცედურების
მიმართ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა განუხრელი დაცვა და იმ
დასაქმებულთა უფლებების სრულყოფილი რეალიზების უზრუნველყოფა, რომელთა
უფლება-მოვალეობებზეც მსგავსი გადაწყვეტილებები ახდენენ გავლენას;
- ბათილად ცნოს გადაწყვეტილება, რომლითაც თეონა ხარაბაძეს ეცნობა, რეპორტიორის მოვალეობები განეხორციელებინა ქუთაისში და უზრუნველყოს იგი სამსახურებრივი მოვალეობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობით; ასევე, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.
საქართველოს სახალხო დამცველს შრომითი უფლებების დარღვევა ასევე
დადგენილი აქვს ახალი ამბების
სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის მაია
მერკვილაძის და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორის თეონა ბაკურიძის
საქმეებშიც.