01.09.2020
ომბუდსმენის შეფასებით, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის ქვეყანაში არსებულ მედია პლურალიზმსა და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებისთვის გაგზავნილ წერილებში სახალხო დამცველი ვარაუდს გამოთქვამს, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ისახავს მიზნად.
“წერილებში სახალხო დამცველი ეუთოს წარმომადგენელსა და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს თხოვნით მიმართავს დაინტერესდნენ წარმოდგენილი ინფორმაციით, საჯარო განცხადებით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას, ან/და პირველივე შესაძლებლობისთანავე ოფიციალური ვიზიტით ეწვიონ საქართველოს, რათა ადგილზე შეისწავლონ წერილში აღწერილი გარემოებები. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ზემოაღნიშნულ საერთაშორისო მანდატის მქონე პირთა რეაგირება აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავისუფალი მედიის არსებობას ქვეყანაში”, - ვკითხულობთ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე მოვლენებს და სწავლობს მაუწყებლის თანამშრომლების შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებს, როგორც საკუთარი ინიციატივით, აგრეთვე ჟურნალისტების მომართვის საფუძველზე: "კერძოდ, 2019 წლის 5 დეკემბერს სახალხო დამცველმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შეხვედრები გამართა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ჟურნალისტებს მათ ჟურნალისტურ საქმიანობაში და დაპირდა, რომ ყურადღებით დააკვირდებოდა ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს”.
გარდა ამისა, 2020 წლის 24 აგვისტოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის დირექტორს მაუწყებლის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების შრომითი უფლებების აღდგენის, ასევე მომავალში შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართა.