09.09.2020
საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ აღნიშნული ცვლილებები 20 აგვისტოს განიხილა. თავდაპირველ ვერსიაში მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები გარკვეულ ხარვეზებს ხედავდნენ. განხილვას წინ უსწრებდა კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” საჯარო განცხადება. მედიაკოალიცია მიიჩნევდა, რომ ტერმინთა განმარტების ცვლილება ხარვეზიანი იყო და დადგენილებაში ზოგადი ფორმულირებების შემოტანა შეუსაბამოდ აფართოებდა კომისიის დისკრეციას.
ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ “მედიის” განმარტების და, ასევე, ჩამონათვალის, თუ კონკრეტულად ვისზე და რაზე გავრცელდება საარჩევნო პროცესში დადგენილი რეგულაციები, დადგენილებიდან ამოღებით, საქართველოს კომუნიკაციების კომისიას უფლებას მიეცემოდა, რომ მისი მოქმედების სფერო გაეფართოებინა და რეგულაციები, რომლებიც აქამდე მხოლოდ ტელე და რადიო მაუწყებლებსა და გაზეთებზე ვრცელდებოდა, ონლაინ მედიასაშუალებებზეც გაევრცელებინა.
მედიაკოალიციამ GNCC-ის წარუდგინა წერილობით მოსაზრებები, სადაც საუბარი იყო იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ორგანიზაციები თავდაპირველი ვერსიის მიღებაში ხედავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ GNCC აცხადებდა, რომ ეს შენიშვნები უსაფუძვლო იყო, სადავო ჩანაწერი მცირედით დაკორექტირდა, დაკონკრეტდა, რომ რეგულაციები მაუწყებლებზე გავრცელდება და ონლაინ მედიაზე გაავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობის შესახებ” დებულებაში ცვლილებები 27 აგვისტოს შეიტანა. აღნიშნული ცვლილებები 7 სექტემბრიდან, დადგენილების გამოქვეყნების დღიდან ამოქმედდა.