24.09.2020
მრჩეველთა საბჭოს წევრმა ზაზა აბაშიძემ ბერძენიშვილს ყოფილი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის დაპირება შეახსენა, რომლის თანახმად, მაუწყებლის რეიტინგს მოცემული მომენტისთვის 15%-სთვის უნდა მიეღწია. მან ჰკითხა ბერძენიშვილს, მაშინ, როცა IDFI-ს თანახმად, 2018-2019 წლის საშუალო რეიტინგი, ნილსენის მონაცემებით 5%-ია, რატომ არის ამხელა განსხვავება.
ამ კითხვის პასუხად ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ეს იმით აიხსნება, რომ ქვეყანაში ორი სარეიტინგო მონაცემია და აქ მნიშვნელოვანია, რომელი რეიტინგით ვითვლით.
„უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში არის ორი სარეიტინგო მონაცემი, ორი კომპანია. ქვეყანაში არის ორი ვალუტა, რომლითაც ჩვენ ვიხდით თანხას. ორივე მთვლელის მონაცემი არის დრამატულად განსხვავებული ერთმანეთისგან, ციფრით გეუბნებით. რიგ შემთხვევაში, 100%-იანი სხვაობა კი არ არის, 300%-იანი სხვაობაა. საზოგადოებრვი მაუწყებელს რომელი რეიტინგთ ვითვლით, ეს არის მნიშვენლოვანი“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რა არის რეიტინგი. ბერძენიშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ რეიტინგი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების კრიტერიუმი, მაგრამ, ის არ უნდა იყოს ერთადერთი: „იქ შემოდის სხვადასხვა კრიტერიუმები და საზომი ელემენტები, მათ შორის, ონლაინ მედია. ანუ, რეიტინგი, ეს არის ციფრით აცდენილი რეალობას“.
ამ კონტექსტში ბერძენიშვილმა სოციალურ მედიაში სხვადასხვა გადაცემების ნახვებზეც ისაუბრა, მათ შორის, გადაცემა „მასტერშეფის“.
„წამში 30 000 ლაივში ნახვა მასტერშეფის, გართობაა, მესმის, მაგრამ გართობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებაა“, - თქვა ბერძენიშვილმა.
ზაზა აბაშიძის დაზუსტებაზე, რამდენად პასუხობს მაუწყებელი გამოწვევას, როდესაც რეიტინგის ზრდა ხდება არა საზოგადოებრივ-პოლიტიკური, არამედ, გასართობი გადაცემების ხარჯზე (რომელთა საწინააღმდეგო, მან დააზუსტა, რომ ცხადია, არაფერი აქვს), ბერძენიშვილმა უპასუხა:
„ვინ თქვა რომ გართობა არ არის ისეთივე მნიშვენლოვანი და ისეთივე ვალებულება საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, როგორიც შემეცნება, ან როგორც ახალი ამბები. ამიტომ ვამბობ, თუ შევხედავთ გადანაწილებას მიმართულებებში, ყველაზე დიდი ნაწილი უკავია შემეცნებას, მაგალითად, “წიგნების თარო”, რომელსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგები აქვს, თუ ნილსენით წავალთ... ჩვენთან არ არის გართობა, რომელიც მხოლოდ არის გართობა, „მასტერშეფი“ არ არის მხოლოდ გართობა, დიახ, ის ხელს უწყობს ადამიანებს, რომ სტრესიდან გამოვიდნენ, მაგრამ ეს ეს არის კულტურა, ქცევის კულტურა, კვების კულტურა, კულინარიის კულტურა, იქ არის ძალიან ბევრი გენდერული თემა ჩადებული, რომელსაც ჩენ ესე ვიღებთ, ჩვენ გართობასაც ვაკეთებთ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით“.
ზვიად რატიანის
საქმე
აბაშიძემ ბერძენიშვილს ჰკითხა, იგივე აზრზე იყო თუ არა დღეს და მისი დირექტორობის პირობებში, დადებდა თუ არა მაუწყებელი იგივე ვიდეოს. ამ კითხვაზე ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მას ამ საქმეზე მაშინ სულ სხვა რეაქცია ჰქონდა: „თქვენ არ იცით, მე რა რეაქცია მქონდა მაშინ“.. თუმცა, ცხადია, როგორც გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იღებს ყველა პასუხისმგებლობას.
„ჩვენ ეს ვიდეო ავიღეთ ყველა პლატფორმიდან და ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება. მე მაქვს იგივე პოზიცია და არ შემიცვლია, ეს ჩემი ძლიერი მხარეა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
***
შეგახსენებთ, დღეს, 24 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველებთან გასაუბრება გაიმართა. კონკურსის ამ ეტაპზე 4 კანდიდატი გადავიდა, თუმცა, მათგან ერთმა, ალექსანდრე ვახტანგოვმა, გასაუბრებაზე თქვა, რომ კანდიდატურას ხსნის.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს სავარაუდოდ ხვალ, 25 სექტემბერს აირჩევენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი 18 აგვისტოს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ყოფილმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.