საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ, 8 ხმით ერთის
წინააღმდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად, მაუწყებლის ყოფილი
დირექტორის პირველი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი აირჩია.
თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში 2011 წლიდან მუშაობს
სხვადასხვა პოზიციებზე. თავდაპირველად, საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსად დაინიშნა. 2012-13 წლებში წამყვანი იყო. 2014-15
წლებში მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი გახდა, 2015 წლიდან -
მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი იყო. 2018 წლიდან კი
ერთდროულად ორ პოზიციას - მედიის და კომუნიკაციების ბლოკის
დირექტორისა და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოსტს
ითავსებდა.
თინათინ ბერძენიშვილი მედიის და მარკეტინგული კომუნიკაციის
სფეროში 20 წელზე მეტია მუშაობს. იგი არის ევროპის მაუწყებელთა
კავშირის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მედიაკომიტეტის
წევრი და ცენტრალური ევროპის ქვეყნების კომიტეტის წევრი.
დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის ეს მისი მეორე მცდელობაა. ბერძენიშვილი კონკურსში 2016 წელსაც მონაწილეობდა, იმდროინდელი დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის გადადგომის შემდეგ. თუმცა, მაშინ სამეურვეო საბჭომ მისი კონკურენტი, ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.
სამოტივაციო წერილში, რომელიც თინათინ ბერძენიშვილმა კონკურსში მონაწილეობისთვის წარადგინა, მან მიუთითა, რომ წარმატებით გააგრძელებს იმ საქმეს, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა მისმა წინამორბედმა ვასილ მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძის დაწყებულ საქმეებსა და დაპირებებზე მას გასაუბრებაზე კითხვებიც დაუსვეს. მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის ზაზა აბაშიძის კითხვაზე, რატომ არ აქვს მოცმეულ მომენტში მაუწყებელს მაღლაფერიძის დაპირებული 15%-იანი რეიტინგი, ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ რეალურად, მაუწყებლის რეიტინგი, ის რაც ციფრებში გამოიხატება, რელობას არის აცდენილი.
ამ თემაზე იხილეთ: თინათინ ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ საზმაუს რეიტინგი რეალობას აცდენილია
თინათინ ბერძენიშვილი მრჩეველთა საბჭომ, დირექტორის პოზიციაზე, 6
წლის ვადით აირჩია. ბერძენიშვილი მისი წინამორბედისგან განსხვავებით,
დირექტორის პოზიციაზე გაზრდილ ხელფასს აიღებს.
22 სექტემბრის სხდომაზე, სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის
ანაზღაურებ 4-დან 10 000 ლარამდე
გაზარდა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ირინა ფუტკარაძემ
ეს გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ ამ დრომდე ხელფასი
არადეკვატური იყო და მის გაზრდაზე დიდი ხანია მსჯელობდნენ.