12.10.2020
ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ჟურნალისტს, რომელიც მას წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით უსვამდა კითხვებს, უშვერად აგინა.
მასალას, რომელშიც გამოცემა ხელვაჩაურის მერის მილიონიან უკანონო მშენებლობაზე, წინასაარჩევნო შეხვედრებში სამსახურეობრივი ავტომობილით მონაწილეობასა და ჟურნალისტის შეურაცხყოფაზე წერს, თან ურთავს აუდიოს, რომელიც უცენზურო გინებას შეიცავს.
მერი ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი რანგის საჯარო პირია და მისი ამ საჯაროობიდან და მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ აუდიოს „მედიაჩეკერი“ უცვლელად აქვეყნებს.
გაფრთხილება: აუდიო შეიცავს უცენზურო გინებას
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მერს შეახსენა, რომ ის საჯარო პირია და არ აქვს უფლება ჟურნალისტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ხელვაჩაურის მერის მხრიდან ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო და აცხადებს, რომ მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.
ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რომელიც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. ასევე, მნიშვნელოვანია გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა.
ქარტია მმართველ გუნდს მოუწოდებს შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა. ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს საკუთარი დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიაზე თავდასხმა.
„ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს მოხდეს ადეკვატური და დაუყოვნებლივი რეაგირება მსგავს შემთხვევებზე, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ იყოს გადამდები სხვა საჯარო პირებისთვის“, - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
მასალა, რომლის შემდეგაც "ბათუმელების" ჟურნალისტი მერის კომენტარის მოპოვებას ცდილობდა, გამოცემამ 25 სექტემბერს გამოაქვეყნა. სტატიის მიხედვით, ხელვაჩაურის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატების ერთ-ერთ წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სამსახურებრივი ავტომანქანით დააფიქსირეს. მერს ამ შეხვედრაზე დასწრების უფლება ჰქონდა, თუმცა, არა სამსახურეობრივი ავტომანქანით.
დღეს, 12 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც "ბათუმელებმა" ვარდმანიძის გინების ამსახველი აუდიომასალა გამოაქვეყნა, მერმა ბათუმის ადგილობრივ ტელევიზიას, TV 25-ს განუცხადა, რომ აგინა თუ არა ჟურნალისტს, არ ახსოვს.
"რა მახსოვს სულხან ახლა მაგი, არ მომისმენია ჩანაწერი, რომ მოვისმენ გავიხსენებ და დაგირეკავ შემდეგ, შეიძლება ვიყავი ნასვამი, არ ვიცი", - უთხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ TV 25-ს.
"ბათუმელების" სოლიდარობის ნიშნად, ხვალ, 13 ოქტომბერს, ბათუმში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა აქცია დაგეგმეს.