21.10.2020
„ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ - მძევლებისა და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივსიგნალის გათიშვა/შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული”, - ამ განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ მედიასაშუალებებს მოუწოდა შეეწყვიტათ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული მძარცველის მიერ მძევლების აყვანისა და ამ შემთხვევის გამო დაწყებული საპოლიციო ღონისძიებების პირდაპირ ეთერში გაშუქება.
მოგვიანებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მედიასაშუალებების ქმედებების ნაწილი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა“.
„გამაოგნებელია, როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან. ამ მოლაპარაკებების დეტალები კიდევ უფრო გამაოგნებელია, რაზეც დღეს თქვენს ყურადღებას აღარ შევაჩერებთ“, – განაცხადა კობახიძემ და მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვაზე, თქვა, რომ „როდესაც ასეთი ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი, „გლავ კანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი მიდის პრემიერთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი“…
დღეს 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:20 საათზე, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებულმა პირმა იმ მყოფი მოქალაქეები და ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა და გამოსასყიდის სახით, ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა. შემთხვევიდან მალევე მაუწყებლებმა სპეციალურ საინფორმაციო გამოშვებებში, მომხდარის პირდაპირ ეთერში გაშუქება დაიწყეს. გარკვეული დროის განმავლობაში მედიაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყველაფერი, რაც ადგილზე ხდებოდა, მათ შორის საპოლიციო ოპერაციის დეტალები, მოგვაინებით, „მთავარმა არხმა“ პირდაპირ ეთერში ჩართო ერთ-ერთი მძევალი, რომლის საშალებითაც ბანკში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა მისი მოთხოვნები გააჟღერა. სწორედ ამ ფაქტებს მოჰყვა მინისტრის მოადგილისა და ირაკლი კობახიძის განცხადებები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი ამბობს, რომ ის, რომ მედიამ გაშუქებით საფრთხე არ უნდა შეუქმნას პირველ რიგში ადამიანების სიცოცხლეს და ასევე, არ უნდა შეაფერხოს საპოლიციო ღონისძიებები, ცალსახაა. თუმცა მისივე თქმით, ასეთ დროს მხოლოდ მედიის პასუხისმგებლობის დაყენება არასწორია და ასეთი განცხადებები ძალიან საშიშ სიგნალებს შეიცავს.
„შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ გააზრებული მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელობა“, - ამბობს იგი და ამატებს, რომ ყველაზე მცირე, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა სამართალდამცავ უწყებას, მას შეეძლო გამოეყო, სპიკერი, ვინც პროაქტიულად და ოპერატიულად მიაწვდიდა მედიას ინფორმაციას ოპერაციის იმ დეტალებზე, რისი გასაჯაროებაც იმ დროისთვის მიზანშეწონილი იქნებოდა, ასევე, განუსაზღვრავდა საიდან და როგორ ემუშავათ ისე, რომ არც მათ სიცოცხლეს შექმნოდა საფრთხე და არც საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილე სამართალდამცველების.
„ამის ნაცვლად, ჩვენ მოვისმინეთ საშიში განცხადებები და მედიაზე გადაბრალების მცდელობა, რაც სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა“, - ამბობს მარიამ გოგოსაშვილი და ამატებს, რომ დღევანდელ რიტორიკაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა იკითხებოდა: „ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ეთიკურად გაშუქება და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. თუ მათ დაინახეს, რომ არსებობდა საფრთხე, მათ მყისიერად შეეძლოთ ამაზე რეაგირების მოხდენა და არა რამდენიმე საათის შემდეგ. შსს-ს მედიასთან ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრა და ამის საჭიროება არც დადგებოდა, სამართალდამცავ უწყებას მედიასთან გამართული კომუნიკაცია რომ ჰქონოდა“.
„კარგი იქნებოდა ცოტა უფრო მომგებიანი პოზიცია გვქონოდა მედიას და ჩვენი შეცდომებით საზოგადოებისთვის არ მიგვეცა საბაბი, რომ ის იყოს მხარდამჭერი ჩვენს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებისა“, - ამბობს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი. თუმცა, მისივე აზრით, მიუხედავად ყველაფრისა, არც ახლა და არც სხვა დროს, მსგავს შემთხვევებში, არავის არ უნდა გაუჭირდეს გამიჯნოს ვისი პასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში ვინმეს საფრთხე ექმნება ან ზარალდება, - „პირველ რიგში ამის პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ეს არის იმდენად ნათელი მიჯნა, რომ ახლა დანაშაულის მედიაზე გადაბრალება არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური საქციელი. მით უფრო, როცა ეს ხდება მაშინ, როცა მძევლები ჯერ კიდევ არ არიან გათავისუფლებული და ამისთვის იცლის შს სამინისტროს წარმომადგენელი და მმართველი პოლიტიკური გუნდის ლიდერი“.
ნათია კუპრაშვილიც და მარიამ გოგოსაშვილიც იხსენებენ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპრაციის გაშუქებას და ამბობენ, რომ ყველა ჯერზე ერთსა და იმავე, ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ. ყველა შემთხვევაში, მედიასა და სამართალდამცავ უწყებას შორის არ არის არანაირი კომუნიკაცია, ამ უკანასკნელის ჩაკეტილობის გამო, მედია მუშაობს ფორსმაჟორში, უშვებს შეცდომებს და შემდეგ ეს ყველაფერი მედიის საწინააღმდეგოდ იწყებს მუშაობას.
„დაწერილი სტანდარტიც კია ხელისუფლებისთვის, როგორ უნდა მოქმედებდნენ საგანგებო სიტუაციებში. როდესაც მსგავს, საგანგებო სიტუაციებში ვერ ხდება კომუნიკაციის მართვა, ეს არის ჩავარდნა. პირველი სამიზნე თავდამსხმელების არის მედია და მედიის გამოყენება, - გამოჩნდნენ, შეაშინონ ადამიანები და ამ ქმედებების საფუძველს თავდამსხმელებს აძლევს უუნარო ხელისულება, იმიტომ, რომ მას არ შეუძლია კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციის აწყობა, მას არ აქვს საკომუნიკაციო შტაბი“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი და ამატებს, რომ მას არ ახსენდება შემთხვევა, როდესაც მსგავს კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლებამ შექმნა საკომუნიკაციო შტაბი და მედიამ მასთან არ ითანამშრომლა, - „ომის დროს ითანამშრომლა, სალოსის ქუჩაზე, როგორც კი შსს გამოერკვა და მედიას უთხრა როგორ ემუშავა, ითანამშრომლა. არასდროს ყოფილა შემთხვევა, როცა მედია არ გაყვა სპეციალურ მითითებებს, თუკი ეს იყო კოორდინირებული და ის იყო უსაფრთხოების მიზნით გაკეთებული“.
კუპრაშვილიც და გოგოსაშვილიც იმედოვნებენ, რომ დღევანდელი განცხადებები განცხადებების იქით აღარ წავა. „არაფრით არ შეიძლება, უსამართლოა და პოლიტიკურად მოტივირებული, როდესაც მედიას ადანაშაულებ“, - ამბობს ნათია კუპრაშვილი.