‘ვითხოვთ სათანადო რეაგირებას ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე’ - მედიაკოალიცია
29.10.2020
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მოუწოდებს მმართველ პარტიას განმარტოს ჟურნალისტის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ „ოპოზიციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე“ ისაუბრა“. ამავე ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას და ენმ-ის ადგილობრივ ლიდერს ბესო ქათამაძეს შორის (სატელეფონო) საუბარი შედგა და საზოგადოებას გააცნო საუბრის დეტალები.

დღესვე, ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უცნობმა პირებმა ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს. ამ დროისათვის აპარატურა აღმოჩენილია, თუმცა კვლავაც უცნობია თავდამსხმელის ვინაობა.

„როგორც სავარაუდოდ ფარული მოსმენა, ისე მოსმენის დეტალების გასაჯაროება პოლიტიკური ტრიბუნის გამოყენებით არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტს, ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას ჟურნალისტები თავდასხმებისა და არასათანადო მოპყრობისაგან. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები კი არ უნდა ახალისებდნენ მედიის მარგინალიზაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ ეს ვალდებულება განსაკუთრებულია წინასაარჩევნო პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მედიაკოლიციის წევრმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს. 

მედიაკოლაცია მოუწოდებს მმართველ პარტიას განმარტოს ჟურნალისტის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ