სამტრედიაში ჩვენს გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - 'ფორმულა'
29.10.2020

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, სამტრედიაში "ქართული ოცნების" ოფისთან მათ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მაუწყებლის განცხადებით, აგრესიული თავდასხმა ჟურნალისტებზე მას შემდეგ მოხდა, რაც მათ ოფისთან შეკრებილ ათეულობით ადამიანს ჰკითხეს, რა ხდებოდა შენობის შიგნით.

"მანამდე "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილები შენობაში ცალ-ცალკე შედიოდნენ და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს, იქ რაღაცას არიგებდნენ. ჟურნალისტებმა ოფისის ხელმძღვანელებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ისინი შენობასთან მყოფმა პირებმა არ შეუშვეს - რამდენიმე იქ მყოფმა, მათ შორის, სამტრედიის მერიის თანამშრომელმა "ფორმულას" ოპერატორს სცემა ზურგში და ფეხებში, რათა სიტუაციის გადაღება ვერ მოეხერხებინა", - ვკითხულობთ "ფორმულას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღეს, 29 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ეს არის ჟურნალისტების მუშაობის ხელშეშლის მეორე შემთხვევა. დილით ტელეკომპანია "მთავარი არხის" იმერეთის ბიუროს რეპორტიორს ირაკლი ვაჩიბერაძეს უცნობმა პირებმა ტელევიზიის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს. 

ასევე, დღესვე,  “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე არეულობის მოწყობას გეგმავს, დამადასტურებლად კი ჟურნალისტსა და ოპოზიციის წარმომადგენელს შორის სატელეფონო საუბარი დაასახელა. ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ, რომელსაც კობახიძე ახსენებდა, თქვა, რომ ეს არის ფაქტობრივად დადასტურება, რომ მას უსმენენ, რადგან საუბარი მასა და ოპოზიციონერს შორის ნამდვილად შედგა.

ამ უკანასკნელ შემთხვევას, გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და განაცხადა, რომ: "გმობს მოქალაქეების, და მათ შორის ჟურნალისტთა უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის პრაქტიკას. ეს ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი დემოკრატიული განვითარების პრინციპებსა და ლიბერალურ ღირებულებებს".

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრმა ორგანიზაციებმა კი მოუწოდეს მმართველ პარტიას განმარტოს ჟურნალისტის სავარაუდო მოსმენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყონ ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტების დაუყოვნებლივი გამოძიება.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ