31.10.2020
ქარტიის ეს განცხადება მოჰყვა ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ხელშეშლის რამდენიმე ფაქტს, რომელიც სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მოხდა.
უფრო კონკრეტულად, თბილისში, გლდანის 79-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო, ონლაინგამოცემა "პუბლიკისა" და "TV პირველის" ჟურნალისტები დაშავდნენ.
"პუბლიკას" ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს, მინდია გაბაიძეს, რომელიც ინიციდენტს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტელეფონი დაუმტვრიეს. ჟურნალისტი იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმს ჟურნალისტს ფეხი დაარტყა.
ამავე უბანზე ფიზიკური დაზიანება მიიღო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა ანა ახალაიამ. მისი თქმით, სავარაუდოდ, დაპირისპირების დროს სახეში კამერა მოხვდა. ამავე ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათ წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან სამგორის ოლქშიც.
პროფესიული მოვალეობის შესრულებისას On.ge-ს ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალა ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა. შემთხვევა მარნეულში, სოფელ აზიზ ქენდიში, #14 უბანზე მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტი დარინა ქამადაძე უბანზე ფოტოების გადასაღებად შევიდა, რეგისტრაციის დროს კი შენიშნა ადამიანი, რომელიც საეჭვოდ მოეჩვენა და ჰკითხა, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამ პირმა ჯერ ცესკოს მიერ გაცემულ დამკვირვებლის მოწმობაზე მიუთითა, რომელიც ქურთუკის ქვეშ ჰქონდა, შემდეგ კი აჩვენა, რომ შეიარაღებულია. დარინა ქამადაძის თქმით, კითხვაზე, რატომ გადაადგილდება უბანზე იარაღით, კაცმა უპასუხა, რომ ეს მისი იარაღია. მას შემდეგ, რაც On.ge-ს წარმომადგენელმა კამერა ჩართო, კაცმა იარაღი დამალა და ჟურნალისტს კამერაზე ხელი დაარტყა.