07.11.2020
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღამის საათებში გადაადგილების უფლების მისაღებად, სავალდებულოა ექსელის სპეციალური ცხრილის შევსება, რომელიც მედიასაშუალებებს პრესსამსახურისგან ეგზავნებათ.
შევსებული ფორმა მედიამ უნდა გააგზავნოს მისამართზე: pressoffice@gov.ge არაუგვიანეს 2020 წლის 8 ნოემბრის 20:00 საათისა.
"გაცნობებთ, რომ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ელექტრონულ ბაზაში ცვლილებები არ განხორციელდება. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თანდართული ექსელის ფორმა მოიცავს ორ გვერდს, რომელთაგან ორივე გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის მითითება სავალდებულოა", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.
აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მედიასაშუალებების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში იქნებიან. თუმცა, მედიამ ეს ნებართვა თავიდან უნდა მოიპოვოს, რადგან პანდემიის პირველი ტალღის დროს გაცემული ნებართვები აღარ მოქმედებს.