ცეკოსთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას დაშავდნენ გადამღები ჯგუფები და დაზიანდა ტექნიკა
09.11.2020

8 ნოემბრის ღამით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დაშავდნენ გადამღები ჯგუფები და დაზიანდა მედიის ტექნიკა. მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ წყლის ჭავლს, რომლითაც პერიოდულად აქციის დაშლას ცდილობდნენ, დამიზნებით უშენდნენ. ჟურნალისტები და ოპერატორები სწორედ წყლის ჭავლმა დააზიანა. მათი ნაწილი, წყლის წნევის გამო, გადაღების მანქანებიდან გადმოვარდა.

აქციის გაშუქებისას "ტელეკომპანია პირველის" ოპერატორს პავლე ხაჩიძეს თვალი დაუზიანდა და  სამედიცინო დახმარება დასჭირდა.  

alt
TV პირველის ოპერატორი პავლე ხაჩიძე

წყლის ჭავლით დასველდა და ამ მდგომარეობაში მუშაობის გაგრძელების შემდეგ გონება დაკარგა ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორმა გიორგი ჯაფარიძემ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა.

 

დაშავდა ამავე არხის ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი, რომელიც წყლის ჭავლის წნევამ მიკროავტობუსიდან გადმოაგდო.



altTV ფორმულას ჟურნალისტი ანა ბარათაშვილი


აქციის გაშუქებისას დაშავდა „რადიო თავისუფლების“ ორი გადამღები ჯგუფი. წყლის ჭავლმა დააზიანა მედიასაშუალების კამერა.

ფოტოკამერა დაუზიანდა OC Medias თანადამფუძნებელ, ფოტოგრაფ მარიამ ნიკურაძეს. როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, მის კამერას სავარაუდოდ ქვა მოხვდა.

alt

ტექნიკა დაუზიანდა "რუსთავი 2-საც". მაუწყებლის ინფორმაციით, ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო ოპერატორმაც.

წყლის ჭავლისგან მობილური ტელეფონი დაუზიანდა „გურიანიუსის“ ჟურნალისტს მერაბ ცაავას. როგორც იგი ამბობს, ჟურნალისტების მიმართ დამიზნებით ისროდნენ წყლის ჭავლს: „მიკროავტობუსზე ვიდექით ჟურნალისტები და პირდაპირ დაგვიმიზნეს წყლის ჭავლი. ვერ მოვასწარით ჩამოსვლა“.

გადამღები ჯგუფების მისამართით წყლის ჭავლის დამიზნება ჩანს კადრებშიც, რომელიც ონლაინგამოცემა On.ge-მ გაავრცელა.



წყლის ჭავლის დამიზნებით სროლაზე საუბრობს JRC-ის ჟურნალისტი გიგა აბულაძე, რომელიც ასევე დაშავდა წყლის ჭავლისგან მუშაობის პროცესში. როგორც იგი ამბობს, აქვს თვალების წვის შეგრძნება და ცრემლდენა.

გიგა აბულაძემ, დაშავებამდე მოასწრო კადრების გადაღება, რომელშიც ჩანს როგორ უშენენ წყლის ჭავლს დამიზნებით, რის გამოც, კამერა ხელიდან უვარდება. 

“მთავარი არხის” დირექტორი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტ თაკო ლეკვეიშვილს და ოპერატორ ტატო გურგენიძეს წყლის ჭავლს დამიზნებით ესროდნენ, შედეგად დაზიანდა მაუწყებლის 5 ტექნიკა.

აქციის გაშუქებისას დაშავდა "ნეტგაზეთის" ჟურნალისტი სოფო აფრიამაშვილი, წყლის ჭავლმა დაუზიანა თვალი.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა  მთავრობას სამი მოთხოვნა წაუყენეს და დრო რვა საათამდე მისცეს. ოპოზიცია ითხოვდა: ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავიუფლებას. მას შემდეგ, რაც ულტიმატუმის ვადა გავიდა, აქციამ ცესკოს შენობასთან გადაინაცვლა.

ცესკოსთან აქციის მონაწილეებს უკვე დახვდათ ასობით სამართალდამცველი და სპეცტექნიკა. რამდენიმესაათიანი შეკრების შემდეგ, აქციის მონაწილეებს არაერთხელ დაუშინეს წყლის ჭავლი. 

გვიან ღამით აქცია იმ პირობით დაიშალა, რომ ხვალ, 9 ნოემბერს, აქციის მონაწილეები ისევ პარლამენტთან შეიკრიბებიან.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ