03.12.2020
კომისიის მიერ გავრცველებულ განცხადებაში ნათქვმია, რომ საქმე ეხება მაუწყებლების მიერ ეთერში არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი ფილმებისა და სერიალების განთავსებას. კერძოდ, მაუწყებლებს დარღვევა გამოუვლინდათ მაუწყებელთა მიერ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითი შეზღუდვებისა და შესაბამისი ნიშანდების მინიჭების წესის აღსრულების ნაწილში.
კომისიის ინფორმაციით, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ სრულად ამოიღო დარღვევით განთავსებული ფილმები, ხოლო GDS TV-იმ ნაწილობრივ და აღნიშნული მაუწყებელი ვალდებულია, რომ არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი სერიალის კანონით აკრძალულ დროს განთავსება დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
კომინიკაციების კომისია აცხადებს, რომ “ბავშვის უფლებათა კოდექსში შესული ცვლილებებით, მაუწყებლებმა არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი პროგრამის განთავსებისგან თავი უნდა შეიკავონ დღის შემდეგ მონაკვეთებში: 18 წლამდე მოზარდისთვის შეუსაბამო პროგრამა 6-იდან 24 საათამდე, 15 წლამდე 6-იდან 23 საათამდე, 12 წლამდე 6-იდან 21 საათამდე, 7 წლამდე 6-იდან 21 საათამდე. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 561-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან ბავშვის დაცვა, რა მიზნითაც მაუწყებელი პროგრამულ ბადეს უნდა გეგმავდეს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.”
“შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ძალაში შევიდა კომუნიკაციების კომისიის დადგენილება, რომელიც ბავშვებს ინტერნეტში განთავსებული საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაიცავს. მშობლებს ეძლევათ მოქნილი მექანიზმები შვილებისთვის ისეთ ვირტუალურ სივრცეებთან წვდომის შესაზღუდად, რომლებსაც მათ ფსიქიკაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ” - ვკითხულობთ განცხადებაში.